თეთრი სახლის განცხადებით პრეზიდენტ ობამას ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩევლის შეხვედრაზე ისრაელის ლიდერებთან, ხაზგასმით აღინიშნა ის გარემოება, რომ ორივე ქვეყანას საერთო აზრი გააჩნია ირანის ბირთვული პროგრამის აღკვეთის საკითხში.
ბატონი ობამას მრჩევლის ტომ დონილონის სამი დღიანი ვიზიტი ისრაელში ირანთან დაძაბულობის ესკალაციას დაემთხვა. პრესაში დაიბეჭდა სტატიები ირანზე ისრაელის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, მაშინ როდესაც დასავლეთის ლიდერები პრობლემის დიპლომატიური მოგვარების გზებს ეძებენ.
ტომ დონილონი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრს ეჰუდ ბარაკს და ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსს ბენი განცს შეხვდა, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ.
თეთრი სახლის პრეს-მდივანის ჯეი კარნის განცხადებით, ობამას ადმინისტრაციის მიერ ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ეფექტურად მოქმედებს ამ ქვეყნის ეკონომიკაზე.
ჯეი კარნის განცხადებით: “ ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიური მანევრებისთვის, სანქციები ირანის ხელისუფლებაზე ზეწოლას ისახავს მიზნად, რათა მათ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაწყდეს.“
ისრაელის მედიის ინფორმაციით პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა ამ ქვეყნის ლიდრებს მოუწოდა ჯერ-ჯერობით თავი შეიკავონ ირანზე თავდასხმისგან და საერთაშორისო სანქციების ამოქმედებას დაელოდონ.
გაზეთმა „იერუსალიმ პოსტმა“ ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის სიტყვების ციტირება მოახდინა, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელი და შეერთებული შტატები სუვერენული ქვეყნები არიან, რომლებიც თავად იღებენ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
თეთრის სახლის პრეს-მდივნის ჯეი კარნის განცხადებით:“ ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის შეშფოთებას ირანის მიერ ატომური იარაღის დაუფლებასთან დაკავშირებით, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა.“
თავის მხრივ ირანის სარდლობა აცხადებს, რომ გულხელდაკრეფილი არ დაელოდება მოსალოდნელ თავდასხმას და თავად განახროციელებს ირანის მტრების წინააღმდეგ სამხედრო დარტყმას.