"ჩვენი ოკეანე"

წყნარი ოკეანის ზოგიერთ ნაწილში თევზჭერის აკრძალვამ და ინდუსტრიული აღმოჩენების შეჩერებამ შესაძლოა ვაშინგტონში პოლიტიკური ბატალიები გამოიწვიოს
წლების განმავლობაში მეცნიერები და გარემოს დამცველები ოკეანეების იმ საფრთხეებზე საუბრობდნენ, რასაც ადამიანთა აქტიურობა, დაბინძურება და გადამეტებული თევზჭერა იწვევს.

თუმცა პოლიტიკოსები ამ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ. ახლახანს ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯი გადადგას.

სამშაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა გეგმავს წყნარ ოკეანეში არალეგალური თევზჭერის და დაბინძურების წინააღმდეგ კონკრეტული სტრატეგია დასახოს.

„წყლის დაბინძურება საფრთხეს უქმნის ოკეანეს. გადამეტებული თევზჭერის გამო ზოგიერთ თევზის სახეობას გადაშენება ემუქრება. ასევე გაუსაძლის მდგომარეობაში ვარდებიან ის ადამიანები, ვისთვისაც თევზაობა საარსებო საშუალებაა. თუ ამ პრობლემებს არ გადავჭრით, ოკეანეებს გავანადგურებთ და კაცობრიობის უდიდეს საგანძურს მოვსპობთ, ამით სურსათის მთავარი წყარო დაიკარგება და შეერთებული შტატების ეკონომიკას გარკვეული პრობლემები შეექმნება.“

პრეზიდენტ ობამას ვიდეო გზავნილი სახელწოდებით „ჩვენი ოკეანე“ სახელმწიფო დეპარტამენტში საერთაშორისო კონფერენციაზე გაუშვეს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა კონკრეტულმა ზომამ, რაც წყნარ ოკეანის ზოგიერთ ნაწილში თევზჭერის აკრძალვას და ინდუსტრიულ აღმოჩენებს ეხება, შესაძლოა ვაშინგტონში პოლიტიკური ბატალიები გამოიწვიოს.

„მე ვაპირებ გამოვიყენო საპრეზიდენტო უფლება , რათა წყალქვეშა სამყაროს გაფრთხილებაზე ვიზრუნოთ. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტყეების, მთების და მდინარეების დაცვა.“

ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო გარემოს დაცვის აქტივისტია და პრეზიდენტ ობამას ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს:

„შვიდი მილიონი ადამიანი პროტეინის მთავარ წყაროზე- ზღვის პროდუქტზეა დამოკიდებული. ჩვენ კონკრეტული წყლების დაცვას ვერ ვახერხებთ. ოკეანეები ახლავე თუ არ გადავარჩინეთ, არა მარტო ზვიგენები და დელფინები, არამედ ჩვენი შვილები და შვილიშვილები დაზარალდებიან.“

სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელსაც საერთაშორისო ოკეანის საზოგადოების წევრები, სახელმწიფო მინისტრები და გარემოს დამცველები ესწრებოდნენ.

„დღეს ჩვენ დავსახეთ ამოცანა, ერთი მილიარდ 450 მილიონი დოლარი ოკეანის გადარჩენას მოვახმაროთ.“

ჯონ კერის განცხადებით, მცდელობამ გაამართლა და გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელიც საერთაშორისო საპორტო კანონის რატიფიცირებისთვისაა საჭირო. ამ კანონის მიხედვით, ბაზარზე არალეგალურად დაჭერილი თევზის გატანა აიკრძალება.