ცენტრალური ბანკი პრეზიდენტ ობამას აფრთხილებს

ფოტოზე: ნიუ იორკის საფონდო ბირჟა

თუ თეთრ სახლსა და კონგრესს შორის კომპრომისი არ შედგება, ქვეყნის დასუსტებულ ეკონომიკას საფრთხე მოელის
აშშ-ს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აფრთხილებს პრეზიდენტ ობამას და კონგრესს, რომ თუ სახელმწიფო ხარჯებისა და გადასახადების თემებზე კომპრომისი არ შედგება, ქვეყნის დასუსტებულ ეკონომიკას საფრთხე შეექმნება.

სამშაბათს, ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა, ბენ ბერნანკემ აღნიშნა, რომ თუ თეთრი სახლი და კონგრესი ფინანსურ პრობლემებზე ვერ შეთანხმდებიან, მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა რეცესიის პერიოდს დაუბრუნდება.

ვაშინგტონი „ფინანსური უფსკრულის” ბოლო ვადად 1 იანვარს ასახელებს. პრეზიდენტსა და კონგრესს შორის დაპირისპირების მიზეზი 600 მილიარდიანი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა და გადასახადების გაზრდის თემაა.

ამერიკის ცენტრალური ბანკი შეეცადა, მილიარდობით დოლარი ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიემართა, თუმცა, ბერნანკეს განცხადებით, ფედერალურ ბანკს არ შესწევს უნარი, შექმნილი მდგომარეობა დაარეგულიროს.