"ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ძალაშია"

ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე ჯანდაცვის რეფორმა კამპანიის მთავარი თემა იქნება
რთული დასაწყისის შემდეგ ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმა ძალებს იკრებს. ლოს ანჯელესში მოხალისეები პროგრამაში გაწევრიანების მსურველებს ეხმარებიან. მათ შორისაა ელიოტ პეტიც:

„ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. ჯანდაცვის რეფორმას უამრავი ამერიკელი სულმოუთქმელად ელოდა.“

დენი სეგოვიას ამ დრომდე ჯანმრთელობის დაზღვევა არ ჰქონდა:

„დღეიდან დაზღვეული ვარ და შემიძლია სპორტით სერიოზულად დავკავდე“ - ამბობს იგი.

პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში ჯანდაცვის რეფორმის პროგრესის შესახებ ისაუბრა:

„მე მზად ვარ, ვითანამშრომლო ნებისმიერთან, ვისაც კანონის დახვეწა სურს. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ძალაშია.“

მიუხედავად დემოკრატების ოპტიმიზმისა, რესპუბლიკელი კონგრესმენები და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი ჯანდაცვის რეფორმას ნოემბრის საარჩევნო კამპანიის მთავარ თემად მოიაზრებენ:

„მე ათასობით ადამიანის წერილი მაქვს, ვინც ჯანდაცვის რეფორმის შედეგად სერიოზულად დაზარალდა.“

როგორც ჩანს, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის თემაზე დებატები კიდევ დიდხანს გაგრძელდება. სენატორი ჯონ თიუნი ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს:

„ობამას ჯანდაცვის რეფორმა რამდენიმე წელია დამტკიცდა და დღემდე ხელს უშლის ამერიკაში სამუშაო ადგილების შექმნას.“

თუმცა დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინი აღნიშნავს:

„დღემდე არცერთ რესპუბლიკელს არ გამოუთქვამს სურვილი, დემოკრატებთან ერთად დამჯდარიყო და ამ კანონთან დაკავშირებით ორმხრივ კომპრომისებსა და ცვლილებებზე ემუშავა.“

ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე ჯანდაცვის რეფორმა რესპუბლიკელებს ამომრჩეველთა მობილიზაციაში დაეხმარება. ქეროლ დოერტი პიუს კვლევითი ცენტრის თანამშრომელია:

„ეს საკითხი რესპუბლიკელების წისქვილზე წყალს ასხამს. ჯანდაცვის რეფორმას მხარდამჭერებთან ერთად მოწინააღმდეგეეებიც ბევრი ჰყავს.“

თუმცა, როგორც თანამშრომლობის პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენელი ჯონ ფორტიერი ამბობს, ობამას საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ნოემბრის არჩევნების კამპანიის ერთადერთი თემა არ იქნება:

„ჩემი აზრით, შუალედურ არჩვენებზე ორი მნიშვნელოვან ფაქტორზე გამახვილდება ყურადღება: თუ რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა და რას საქმიანობს პრეზიდენტი თეთრ სახლში? აქედან გამომდინარე საარჩევნო კამპანია პრეზიდენტის პარტიისთვის არცთუ ისე სასიკეთოდ განვითარდება და დემოკრატებს თავის დაცვას მოუწევთ.“

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნოემბრის არჩევენები ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დარჩენილ ორ წელიწადზეც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს.