ობამას შეხვედრა თანაპარტიელებთან

ერთთვიანი საკონგრესო შესვენების წინ პრეზიდენტი კონგრესის და სენატის დემოკრატებს მომავალ სამუშაო სტრატეგიაზე ესაუბრა

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონი


აგვისტოს თვეში ამერიკელი კანონმდებლები შინ ბრუნდებიან და საკუთარ უბნებზე ამომრჩევლებს ხვდებიან. გამგზავრებამდე პრეზიდენტი ობამა თანაპარტიელებს შეხვდა და კონგრესის და სენატის დემოკრატებს მომავალ სამუშაო სტრატეგიაზე ესაუბრა. მან შეხვედრაზე 3 მთავარი პრიორიტეტი გამოჰყო: „სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა და საშუალო კლასი“. დემოკრატი სენატორები აღფრთოვანებით შეხვდნენ პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური სტრატეგიის ეპიცენტრის საშუალო კლასზე ფოკუსირებას და დემოკრატებისთვის მნიშვნელოვანი პრინციპების შენარჩუნებას.

კონგრესში რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის გაუთავებელი დავა მიმდინარეობს იმის თაობაზე, უნდა გაიზარდოს თუ არა შეერთებული შტატების მთავრობის მიერ აღებული კრედიტის ზედა ზღვარი. როგორც ჩანს, პარტიებს შორის უთანხმოების ეს ერთ-ერთი მთავარი თემა აგვისტოს საკონგრესო შვებულების შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნებულ სხდომებზე ისევ კამათის საგანი იქნება.

სტენი ჰოიერი წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატთა უმცირესობას წარმოადგენს. მისი თქმით, „პრეზიდენტმა გარკვევით განაცხადა, რომ რესპუბლიკელ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ არ არის მზად შეერთებული შტატების კრედიტუნარიანობა რისკის ქვეშ დააყენოს“. კრედიტის ლიმიტის გაზრდა ამერიკის მთავრობას საშუალებას მისცემს ვალების გადახდას შეუდგეს. თუმცა, სენატის უმცირესობის ლიდერი, რესპუბლიკელი მიჩ მაკონელი პრეზიდენტ ობამას ეკონომიკის შესახებ გაკეთებული მოხსენებისთვის მკაცრად აკრიტიკებს.

სენატორის აზრით, სიტყვით გამოსვლის ნაცვლად, „აჯობებდა პრეზიდენტს კონგრესთან მუშაობა განეახლებინა, რათა ამერიკელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ერთად გადაეწყვიტათ. თორემ ისეთი შეგრძნება რჩება, თითქოს ოვალური ოფისის კარზე წარწერაა გამოკიდებული: წავედი კამპანიის საწარმოებლად“.

ივლისის ბოლო კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა ობამამ რესპუბლიკელ კანონმდებლებს არაერთხელ მიმართა. ტენეისის შტატში ვებგვერდ „ამაზონის“ თანამშრომლებთან შეხვედრაზე მან რესპუბლიკელებს ახალი წინადადებით მიმართა, რომელშიც განაცხადა, რომ აღარ სურს „ერთიდაიმავე ძველი კამათის წარმოება“. ვინაიდან ყოველ ჯერზე, როცა რაიმე იდეას წამოაყენებს, რესპუბლიკელების პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარია, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტის იდეაა.

ამიტომაც პრეზიდენტი ახლა მათთვის ისეთი წინადადების შეთავაზებას გეგმავს, რაც ორივე პარტიას უნდა აწყობდეს და წესით ორივემ მხარი უნდა დაუჭიროს. ეს არის „შეთანხმება, რომელიც ბიზნესებისთვის საგადასახადო სისტემას გაამარტივებს და ბიზნესებში დაკავებული საშუალო კლასისთვის კარგ სამუშაო ადგილებს შექმნის, კარგი ხელფასებით“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

არც ამ მიმართვასთან დაკავშირებით გამოუხატავთ რესპუბლიკელ კანონმდებლებს დიდი ენთუზიაზმი. (Boehner ACT) წარმომადგენელთა სპიკერმა, ჯონ ბეინერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გეგმა მცირე ბიზნესებისთვის გადასახადის გაზრდას გამოიწვევს. „ახალი ამ განცხადებაში მხოლოდ ის არის, რომ ამ ფულის ნაწილის გამოყენება მთავრობას მასტიმულირებელი პაკეტისთვის სჭირდება“.

(Hawkings ACT) ანალიტიკოსი დევიდ ჰოუკინგსი თვლის, რომ კონგრესში არსებული ორპარტიული დაპირისპირება სექტემბრის შემდეგაც გაგრძელდება. „წარმომადგენელთა პალატაში საკმარისად არიან კონსერვატორი რესპუბლიკელები, რომლებიც სრორედ ამ სახის კონფრონტაციებს ესწრაფვიან“.

ამერიკულ საზოგადოებას უკვე დიდი ხანია მიაჩნია, რომ კონგრესი უფუნქციოა. ტელეკომპანიების „ფოქსის“, „სი-ბი-ესის“, „ეი-ბი-სის“, „ენ-ბი-სის“ და კიდევ რამდენიმე კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, შეერთებული შტატების კონგრესის მუშაობას ამერიკელთა საშუალოდ 75. 8 პროცენტი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.