ობამას ბოლო მიმართვა ერისადმი

"ჩვენი უსაფრთხოება მთელი დანარჩენი მსოფლიოს უსაფრთხოებას უკავშირდება. დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო პასუხად იგივე გაკვეთილს მიიღებს, რაც მანამდე მოქმედმა ტერორისტებმა" - პრეზიდენტი ობამა.

ვაშინგტონში სამშაბათს საღამოს პრეზიდენტმა ობამამ ერისადმი რიგით მეშვიდე ოფიციალური მიმართვა გააკეთა. ტრადიციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი.

გასული წლისგან განსხვავებით, როცა პრეზიდენტი ობამა საკუთარ ყოველწლიურ მიმართვაში ერისადმი, ყურადღებას უმეტესად რამდენიმე კონკრეტულ ინიციატივაზე ამახვილებდა და კონგრესს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, წლევანდელი გამოსვლა უფრო მეტად მთავრობის ბოლო წლების მუშაობის შემაჯამებელი იყო და ამავე დროს ამერიკის მომავლის ხედვასაც მოიცავდა.

პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და კონგრესს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისკენ მოუწოდა.

„ჩვენი უსაფრთხოება მთელი დანარჩენი მსოფლიოს უსაფრთხოებას უკავშირდება... როგორ უნდა დავიცვათ ამერიკა ისე, რომ არც იზოლაციაში აღმოვჩნდეთ და არც ისე მოვიქცეთ, რომ სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში ყველა იმ ქვეყანას დავეხმაროთ, ვისაც ეს პრობლემა აქვს?... ამიტომ მთავარი პრიორიტეტების შერჩევაა და ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ის, რომ ტერორისტული ქსელების განადგურების გზით, ამერიკელი ხალხის დაცვა უზრუნველვყოთ. დღეს ორივე დაჯგუფება, ალ-ყაიდა და ისლამური სახელმწიფო, ჩვენი მოსახლეობისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს...

თუკი კონგრესი ამ ომში მოგებას სერიოზულად უდგება და მსოფლიოში განლაგებული ჩვენი ჯარის ნაწილების მიმართ ამ გზავნილის მიწოდება უნდა, თქვენ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას ბოლოს და ბოლოს ხმა უნდა მისცეთ. უყარეთ კენჭი ამ საკითხს! მაგრამ, ამერიკელმა ხალხმა ისიც უნდა იცოდეს, რომ კონგრესის მხარდაჭერის, თუ მის გარეშე, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო პასუხად იგივე გაკვეთილს მიიღებს, რაც - მანამდე მოქმედმა ტერორისტებმა. და თუ სამართლიანობის მიღწევის საქმისადმი ამერიკის, ან ჩემს ერთგულებაში ვინმეს ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ ოსამა ბინ ლადენს ჰკითხოთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

პრეზიდენტის რანგში ეს იყო ობამას უკანასკნელი ოფიციალური მიმართვა კონგრესის და მთელი ქვეყნის მიმართ. ზუსტად ერთ წელიწადში იმავე დარბაზში თავმოყრილ კანონმდებლებს და საპატიო სტუმრებს ამერიკის ახალი, რიგით 45 პრეზიდენტი მიმართავს, რომლის ვინაობა დაახლოებით 10 თვეში გახდება ცნობილი.