ობამა რუსეთს წინასაარჩევნო ჰაკერული თავდასხმებისთვის ახალ სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთს ჰაკერული თავდასხმებისა და ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო ახალი სანქციები დაუწესა.

პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას „აშშ-ის ინტერესების შელახვის მცდელობისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევაზე აუცილებელი და სათანადო პასუხი“ უწოდა.

ობამას ადმინისტრაციას სურს, სანქციები იქამდე ამოქმედდეს, სანამ 20 იანვარს პრეზიდენტი პოსტს დატოვებს.

პრეზიდენტმა ბრძანა, რომ 72 საათის განმავლობაში რუსეთის დაზვერვის 35 ოფიცერი შეერთებული შტატებიდან გააძევონ, აგრეთვე სანქციები დაუწესდეს რუსეთის ორ უმთავრეს სადაზვერვო სამსახურს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქციებს გმობს.

„გულწრფელად მოგახსენოთ, დავიღალეთ „რუსი ჰაკერების“ შესახებ მოსმენილი ტყუილებით, რომელიც აშშ-ის [მთავრობის] ყველაზე მაღალი ეშელონებიდან ისმის,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ოთხშაბათს გაავრცელა. „ობამას ადმინისტრაციამ დეზინფორმაციის ეს კამპანია ნახევარი წლის წინ დაიწყო, რათა ნოემბრის არჩევნებში სასურველი კანდიდატისათვის შეეწყო ხელი. შედეგს ვერ მიაღწია და ახლა წარუმატებლობის მიზეზს ეძებს, რითაც ორმაგად ურტყამს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს.“

სანქციების ამოქმედების შემთხვევაშიც კი გაურკვეველია, შეინარჩუნებს თუ არა მათ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც მუშაობას მომავალი თვიდან შეუდგება.

ტრამპის პრეს-მდივანი შონ სპაისერი არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელ საბუთს ითხოვს.

„სამწუხაროა, რომ ბევრი მემარცხენე ფლანგიდან ჩვენ კანონიერ გამარჯვებას ისევ ეჭვქვეშ აყენებს,“ თქვა მან. „თუ შეერთებულ შტატებს წყალგაუვალი საბუთი აქვს, რომ ვიღაც ჩვენ არჩევნებში ჩაერია, აღნიშნული საბუთი უნდა გასაჯაროვდეს.“

განთქმული რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, რომ რუსეთი დიახაც ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და პასუხად უმკაცრეს სანქციებს უნდა ელოდოს.

სენატორმა გრემმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ 2017 წელს აშშ-ის კონგრესი არჩევნებში რუსეთის როლს გამოიძიებს. „ველი, რომ ძალაში შევა ერთსულოვნად მიღებული სანქციები, რომელიც რუსეთს და განსაკუთრებით პუტინს ძლიერად დაარტყამს,“ თქვა გრემმა წვრილმანების დაუზუსტებლად. „დროა, რუსეთმა გაიგოს, რომ ჩვენი მოთმინება ამოიწურა.“