ობამას წერილი პუტინს

დიპლომატიური დაძაბულობის მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს
თეთრი სახლის პრესმდივანი ჯეი კარნი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ტომ დონილონი ის პიროვნებაა, რომელმაც ობამას წერილი მოსკოვში პირადად ვლადიმირ პუტინს გადასცა. დონილონი რუსეთის პრეზიდენტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოლაპარაკებები „მრავალმხრივი და კონსტრუქციული იყო“. შეხვედრებზე არამარტო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხებზე, არამედ გლობალურ პრობლემებზეც იმსჯელეს. მოლაპარაკებები დიდი რვიანის სამიტისთვის მზადებასაც ისახავდა მიზნად, რომელიც დიდ ბრიტანეთში ივნისში გაიმართება. მოგვიანებით, დაგეგმილია დიდი ოცეულის სამიტი რუსეთის ქალაქ სანკტ პეტერბურგში.

დონილონი მოსკოვში საკმაოდ გამწვავებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე ჩავიდა. რამდენიმე დღის წინ შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა ე.წ. „მაგნიტსკის აქტით“ გათვალისწინებული რუსი პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების სია. პუტინი ითხოვდა, არ გაეხმაურებინათ მათი სახელები და გვარები, თორემ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ძალიან გამწვავდებოდა. რუსეთის 18 ოფიციალურ პირს, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში არიან შემჩნეულები, შეერთებულ შტატებში მოგზაურობა აეკრძალათ და მათი საბანკო ანგარიშები გაიყინა.
მოსკოვმა „მაგნიტსკის სიის“ გასაჯაროვებას ზუსტად იმდენივე ამერიკის მოქალაქის მიმართ დაწესებული სანქციებით უპასუხა. რუსეთში ვიზის გაცემაზე უარი სხვებთან ერთად ეთქვა ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მომსახურე ორ ოფიციალურ პირს, რომელთაც რუსეთი გუანტანამოს ციხეში ადამიანთა წამებაში დებს ბრალს.

თეთრი სახლის სპიკერი რუსეთს ამ საკითხების დაუყოვნებლივ გადაწყვეტას სთხოვს.

ერთადერთი გზა, რითაც ამ საკითხის მოგვარება შეიძლება, არის ის, რომ რუსეთის მთავრობამ გადამწყვეტი ზომები მიიღოს. უნდა გამოძიებულ იქნას მაგნიტსკის მკვლელობის მიზეზები და ინდივიდუალურად გაასამართლონ ის ადამიანები, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება. ეს იქნებოდა სწორი, სამართლებრივი პასუხი საერთაშორისო რეზონანსის მქონე ფაქტზე, რომელიც შესაბამის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს, და არა გამიზნულ შურისძიებას“ - განაცხადა ჯეი კარნიმ.

პუტინისადმი მიწერილი წერილის დეტალების შესახებ თეთრი სახლის სპიკერს მედიისთვის არაფერი უთქვამს. ჟურნალისტების კითხვაზე მისი პასუხი საკმაოდ ზოგადი და სტანდარტული იყო: განიხილება როგორც ის საკითხები, რაშიც მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობაა, ასევე ორივე ქვეყნისთვის საერთო ინტერესების მქონე თემები.

მოსკოვში პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, იური უშაკოვი ობამას წერილს „საკმაოდ კონსტრუქციულს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის შეიცავს კონკრეტულ შეთავაზებებს იარაღის კონტროლის და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. მისი თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ვაშინგტონიდან მომავალ „პოზიტიურ სიგნალებს“.

სტივ პაიფერი, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობათა ექსპერტი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან, ამბობს, რომ ორივე მხარე დიპლომატიური დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს. დონილონის ვიზიტმა წინ წამოსწია ისეთი თემები, რომელშიც შეერთებული შტატები და რუსეთი თითქმის ერთნაირ პოზიციაზე დგას. ესენია ბირთვული განიარაღება, ჩრდილოეთ კორეის, თუ ირანის პრობლემები, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

საკითხი ასე დგას: შეძლებენ თუ არა მხარეები იმ საკითხებზე მუშაობას, რაშიც ინტერესების თანხვედრაა? ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმ თემებზე, რომლებთან დაკავშირებით მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. რა თქმა უნდა, ეს კომბინაცია ჯობს, და არა ისეთი, როცა ორივე მხარე კონცენტრირებას მხოლოდ პრობლემებზე აკეთებს“ - აღნიშნავს სტივ პაიფერი და დასძენს, რომ მისი აზრით, მთავარ საკითხად მაინც სირიაში მიმდინარე კრიზისთან რუსეთის და შეერთებული შტატების დამოკიდებულება რჩება.

ობამას და პუტინის დიდი რვიანის სამიტზე დაგეგმილ პირისპირ შეხვედრამდე ორი თვით ადრე მოსკოვში ისეთი განწყობა იქმნება, რომ ვაშინგტონთან საუბარი შესაძლებელია და ის სავარაუდოდ, პროდუქტიული იქნება - აცხადებს ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი.