თურქეთში სამიტზე მყოფი ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიას „ცივილიზებულ სამყაროზე შეტევას“ უწოდებს. ანტალიაში დიდი ოცეულის შეხვედრებზე დღეს ყურადღების ცენტში ვაჭრობის, ენერგიის და კლიმატური ცვლილებების თემები უნდა ყოფილიყო, მაგრამ საფრანგეთში პარასკევს დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველა სხვა საკითხი დაჩრდილა. პრეზიდენტი ობამა დღეს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის ლიდერებს და საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ხვდება.
მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც უმკაცრესად დაგმეს პარიზზე მიტანილი ტერორისტული იერიშები და მათ ყოვლად მიუღებელი უწოდეს. „ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას და სიმტკიცეს ნებისმიერი სახის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ნათქვამია ერთობლივი რეზოლუციის მონახაზში.