ობამა ეკონომიკური რეფორმის მხარდაჭერას ითხოვს

ობამა ეკონომიკური რეფორმის მხარდაჭერას ითხოვს

შაბათს კონგრესის აფრო-ამერიკულ ნაწილთან შეხვედრიდან დაწყებული, შემდეგი რამდენიმე საჯარო შეხვედრის ჩათვლით, პრეზიდენტი ობამა მაქსიმალურად ცდილობდა ეკონომიკური რეფორმის რეკლამა გაეკეთებინა. ის მკაცრად აკრიტიკებდა რესპუბლიკელთა პოზიციას და სამუშაო ადგილების შექმნის მის მიერ წარმოდგენილი პროექტის მხარდაჭერას დაბეჯითებით ითხოვდა.

ზეწოლას კიდევ უფრო გავაძლიერებ, რათა იმ ოჯახებს დავეხმაროთ, ვისაც ახლა ყველაზე ძლიერ უჭირს. საბოდიშოდ საქმე არ გვაქვს. არც საწუწუნოდ. საქმეა გასაკეთებელი“.

აფრო-ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში ფერადკანიანთა შორის უმუშევრობამ რეკორდულ ციფრს მიაღწია. მათი 17 პროცენტი დაუსაქმებელია. 40 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს. მთელ ამერიკაში სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა მოსახლეობის15 პროცენტს შეადგენს. ეს მონაცემიც ყველაზე მაღალია ბოლო 18 წლის მანძილზე.

შეხვედრის დასრულებისთანავე ბატონი ობამა წინასაპრეზიდენტო კამპანიის გასაგრძელებლად სამდღიან მოგზაურობაში გაემგზავრა. ვაშინგტონის, კალიფორნიის და კოლორადოს შტატებში მან შვიდი საჯარო შეხვედრა გამართა. ამ შტატებში მან 2008 წლის არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრებზე ის არჩევიდან დღემდე რესპუბლიკელთა ყველაზე მკაცრი კრიტიკით გამოვიდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კარგად აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ უახლესი საზოგადოებრივი გამოკითხვებით ამერიკელთა 81 პროცენტი მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა. მათ შორის არიან როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები. მაგრამ თუკი პრეზიდენტად ალტერნატიულ კანდიდატს აირჩევთ, სთქვა მან, 21-ე საუკუნის გამოწვევებს ის ვერ გაუძლებს და ამერიკა დიდი ხნით დახეიბრდება.

კრიტიკის დიდი ნაწილი პირადად ტეხასის გუბერნატორ -რიკ პერისკენ- იყო მიმართული. სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რესპუბლიკელთა ყველაზე პოპულარულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა უკანასკნელ რამდენიმე დებატზე სუსტი გამოსვლით პარტიას საგრძნობლად ავნო.

რესპუბლიკელები ბარაკ ობამას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის მხოლოდ ღარიბთა და უქონელთა ინტერესებს იცავს და მას სოციალისტობას სწამებენ. ამას ისიც ემატება, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური რეფორმის პროექტი მდიდარი ამერიკელებისთვის არსებული შეღავათების მოხსნას და გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.

თუკი მუშათა კლასისთვის მებრძოლს მხოლოდ იმიტომ მიწოდებენ, რომ ვითხოვ, მილიარდელს გადასახადის იგივე პროცენტი დაეკისროს, რაც დამლაგებელს, მაშინ მე პრობლემა არ მაქვს. ამ სახელს მე ამაყად ვატარებ“.

უკანასკნელი შეხვედრა პრეზიდენტმა კოლორადოს შტატში, დენვერის ერთ-ერთ სკოლაში გამართა. ვაშინგტონში დაბრუნებულს მას ისევ წინასაარჩევნოდ გამწვავებული პარტიული დაპირისპირებების დაბალანსება მოუწევს. ფისკალური წელი 30 სექტემბერს მთავრდება. გამოსავალი სასწრაფოდ თუ არ მოიძებნა, მთავრობის სამსახურებს ნაწილობრივი დახურვა ელით.