საპრეზიდენტო კანდიდატების პაექრობა

დებატების მთავარი თემა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გახდა
ამერიკელი პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი დებატების შემდეგ, რომელიც 3 ოქტომბერს, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში გაიმართა, ორივე კანდიდატი, ხუთშაბათს, საარჩევნო კამპანიას უბრუნდება.

გუშინდელი დებატების დროს ბარაკ ობამამ რომნის მიმართა.

„გუბერნატორო რომნი, თუ იმ გეგმას გავყვებით, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით, მაშინ ჩემი აზრით შეუძლებელი იქნება მოსახლეობის ყველა ფენისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, სწორედ იმიტომ რომ თქვენი გეგმა დეფიციტის ზრდას გამოიწვევს, რაც პირველ რიგში საშუალო ფენაზე იმოქმედებს უარყოფითად."

მიტ რომნის, თავის მხრივ, არაერთი შენიშვნა ჰქონდა პრეზიდენტთან:

„პრეზიდენტმა არასწორად გაიგო ჩემი საგადასახადო გეგმა. თავად მისეულ საგადასახადო გეგმას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ექნება ჩემი მხარდაჭერა. როგორც პრეზიდენტმა თქვა, მე, არ ვღაღადებ ხუთი ტრილიონის ღირებულების საგადასახადო შეღავათებს.“

რომნი ვირჯინიის შტატში, ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად გამართავს შეხვედრებს, ობამა კი წინასაარჩევნო მარათონს კოლორადოში გააგრძელებს. დღესვე მოქმედი პრეზიდენტი პოლ რაიანის - რესპუბლიკელი ვიცე პრეზიდენტობის ნომინანტის მშობლიურ შტატს, ვისკონსინს ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ მიტ რომნი მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუბერნატორია. გუშინდელი დებატები მან პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და მისი მიდგომის კრიტიკის მიზნით გამოიყენა და ობამას გაზრდილი გადასახადებისა და მთავრობის დანახარჯების პოლიტიკა დაუწუნა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ამერიკის ეკონომიკას ავნებს და ფედერალურ დეფიციტს კიდევ უფრო გაზრდის.