ობამა თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებს შეხვდება

თუ 1 იანვრამდე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ბიუჯეტი ავტომატურად შეიკვეცება და ყველა ამერიკელის გადასახადი მოიმატებს

1 იანვრის ფისკალური უფსკრულის მოახლოების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში კონგრესის ოთხ ლიდერთან საბოლოო მოლაპარაკებებს გამართავს.

პარასკევს დაგეგმილია შეხვედრა დემოკრატ და რესპუბლიკელ სენატის ლიდერებთან ჰარი რიდთან და მიჩ მაკონელთან, ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ჯონ ბეინერთან და უმცირესობის დემოკრატ ლიდერთან ნენსი პელოსისთან.

იმ შემთხვევაში თუ იანვრის პირველ რიცხვამდე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თითქმის ყველა ამერიკელის გადასახადი აიწევს. ამასთან, სამთავრობო დანახარჯების ავტომატური შეკვეცა დაიწყება. ეკონომისტები შიშობენ, რომ ამ შემთხვევაში, ისედაც სუსტ ეკონომიკას კვლავ რეცესია ემუქრება.