ობამას სტრატეგიამ გაამართლა

ობამას სტრატეგიამ გაამართლა

ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში მომხდარ რევოლუციებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ობამას თავშეკავებულ კომენტარს თავის დროზე ოპონენტების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ერთი წლის შემდეგ შექმნილმა სიტუაციამ დაადასტურა, რომ ამერიკის ადმინისტრაციის სტრატეგიული პოზიცია „არაბულ გაზაფხულთან“ მიმართებაში სავსებით გამართლებული იყო.

პირველი რევოლუციის კატალიზატორად 2010 წლის 17 დეკემბერს ტუნისში მომხდარი ფაქტი ითვლება. ქუჩის გამყიდველმა, მუჰამედ ბუაზიზმა, პროტესტის ნიშნად თვითდაწვის მეთოდს მიმართა. ტუნისის შემდეგ რევოლუციები მთელ რეგიონში დაიწყო, გადავიდა ეგვიპტეში, შემდეგ კი იემენს, ბაჰრეინს, სირიას და ლიბიასაც მოედო. ამ ყველაფერს რიგ ქვეყნებში დრამატული სამთავრობო ცვლილებები მოჰყვა. გადადგა ეგვიპტის პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი. შეერთებული შტატების და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ძალების ჩარევის შემდეგ ლიბიის ხელმძღვანელობაც შეიცვალა.

„არაბული გაზაფხულის“ შედეგების წინასწარ განსაზღვრას დასაწყისიდანვე ბევრი ექსპერტი ცდილობდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეაქციამ თითქოს დაიგვიანა კიდეც. ბარაკ ობამამ კომენტარი მხოლოდ მაისის თვეში გააკეთა და ამით ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია არაბული რეფორმის მხარეს დააფიქსირა.

„ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მხარს ისეთ რეფორმებს ვუჭერთ, რომლებიც რეგიონში რიგითი ადამიანების ლეგიტიმურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან მეორად ინტერესს არ წარმოადგენს“ - განაცხადა მაშინ ამერიკის პრეზიდენტმა.

საბოლოო ჯამში „არაბული გაზაფხულის“ მხარდაჭერამაც ოპონენტების მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. მათი მთავარი არგუმენტი ის გახდა, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ისეთივე მხარდაჭერა არ გამოხატა 2009 წელს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ.

„რევოლუციებთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების ლიდერებს რთული არჩევანის გაკეთება უწევთ“, აღნიშნავს საგარეო ურთიერთობათა პროფესორი ბარდის კოლეჯში, რასელ მედი.

„რა თქმა უნდა არასწორია ის აზრი, რომ ამერიკის პრეზიდენტს პარტიულობის მიუხედავად უნდა შეეძლოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში მიმდინარე პროცესების წინასწარ გათვლა. მოლოდინი ისეთია, თითქოს მათ პირველივე დღეებში უნდა იცოდნენ იმ მასტერ-გეგმის დეტალები, რომელსაც ხშირად სრულიად სპონტანური რევოლუციური გარდაქმნები მოჰყვება ხოლმე“ - ამბობს ის და დასძენს, რომ ზოგადად პრეზიდენტმა ობამამ სწორი პოზიცია აირჩია, როდესაც შეერთებული შტატების ძირეული პრინციპების მხარდაჭერა ამჯობინა, რაც ძალადობის უარყოფაში და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაში გამოიხატება.

კურტ ვერმიულერი ჰადსონის ინსტიტუტის რელიგიური თავისუფლებების ცენტრიდან იმავე აზრისაა და აცხადებს, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ სწორი სტრატეგია აირჩია:

„ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორ სახელმწიფოს შორის უკვე ჩამოყალიბებულ ურთიერთობებთან გვაქვს საქმე. თანაც არაბული სამყარო ერთიანი სივრცე არ არის, თითოეული ქვეყანა სრულიად უნიკალურია“ - აღნიშნავს მეცნიერი.

სამუელ ტადროსიც ჰადსონის ინსტიტუტის თანამშრომელია. „მოვლენების სწრაფი განვითარების ფონზე არ შეიძლებოდა ცალსახა და ცალმხრივი პოზიციის არჩევა“, ამბობს ის:

ადმინისტრაციის რეაქციაში „არაბულ გაზაფხულთან“ დაკავშირებით სწორად აისახა ამერიკის მთავრობის ინტერესი არ დაკაბალებულიყო ისტორიული მოვლენებით და არ ეჩქარა ერთი ვაგონიდან მეორეზე გადახტომა. ძალიან ხშირად სწორედ ამ სიფრთხილის არდაცვა ცვლის მოვლენების განვითარებას“ - აღნიშნავს პროფესორი ტადროსი.

ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ცალსახად შეფასება არც დღეს შეიძლება. „არაბული გაზაფხული“ ხომ მხოლოდ ერთ სეზონს არ გულისხმობს, არამედ ხანგრძლივი ტრანსფორმირების პროცესია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად ვითარდება.

აღნიშნული პროცესი რიგ შემთხვევებში პოზიტიურია. ზოგჯერ კი ისეთ რისკებს შეიცავს, როგორიცაა ისლამისტური განწყობების ზრდა ეგვიპტეში და პოტენციური სამოქალაქო ომი სირიაში. ტრანსფორმირების პროცესი შესაძლოა რამდენიმე ათეული წელიწადი გაგრძელდეს და ის ამერიკის არაერთი პრეზიდენტისთვის იქნება ყურადსაღები და რთული გამოწვევების შემცველი.