ობამა სირიის საკითხზე კონგრესზე ზეწოლას ახდენს

ჯონ კერი კიდევ ერთხელ მკაფიოდ აცხადებს, რომ სირიაში ქიმიური იარაღი ასადის რეჟიმმა გამოიყენა

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-სირია


ობამას ადმინისტრაცია კანონმდებლებზე ზეწოლას აძლიერებს იმისათვის , რომ სირიის რეჟიმზე სამხედრო დარტყმის სანქცია მიიღოს, გადავიდეს საპასუხო ნაბიჯის განხორციელებაზე ასადის ხელისუფლების მიერ დამასკოს გარეუბანში 2 კვირის წინ ნერვული სისტემის პარალიზების გამომწვევი ქიმიური აირის გამოყენების გამო. ქიმიური მოწამვლის შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კონგრესის ზოგიერთი წარმომადგენელი ძალიან დიდ სკეპტიციზმს გამოხატავს სირიაზე შეზღუდულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი მოგვითხრობს, ამ თემაზე ლობირების სიძლიერემ შესაძლოა თავის შედეგი გამოიღოს.

ერთდროულად, თეთრ სახლში და კონგრესში სამშაბათს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების მიზნით საკითხის განხილვა გაიმართა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლამდე, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი სირიაში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა.


ჯონ კერი: ქიმიური იარაღი სირიაში მართლაც გამოსცადეს. იარაღი მოსახლეობის წინააღმდეგ ასადის რეჟიმმა გამოიყენა.


ჯონ კერიმ ყურადღება ამერიკის ჩაურევლობის შემთხვევაში მოსალოდნელ გართულებებზე გაამახვილა.


ჯონ კერი: თუ თქვენ სირიის პრეზიდენტს ასადს წარმოადგენთ, ან რეგიონის რომელიმე დესპოტს, და შეერთებული შტატები თავის მეკავშირეებთან ერთად ამ სიტუაციაში ჩარევას არ აპირებს, რა გზავნილს შეიცავს ეს უმოქმედობა? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქმედებისთვის ის პასუხს არ აგებს.


საკომიტეტო მოსმენის დროს სამხედროს ჩარევის საწინააღმდეგოდ განწყობილი ჯგუფები აქტიურობდნენ, რომლებმაც მოსმენა ხმაურით რამდენჯერმე შეწყვიტეს.


სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რობერტ მენენდესმა განაცხადა, რომ ამერიკელები ომებით დაიღალნენ, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ამ მოვლენების იგნორირება არ უნდა მოახდინოს.


რობერტ მენენდესი: ან სირიას, ირანს, ჩრდილოეთ კორეას, ჰეზბოლას, ალ-ყაიდას და სხვა არასახელმწიფო სუბიექტს კონკრეტული გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ მსოფლიო არ შეეგუება ქიმიური იარაღის უგუნურ გამოყენებას. ან მაშინ ადამიანური ტანჯვის წინაშე უმოქმედობა გამოვიჩინოთ, განაცხადა მენდესმა.


ზოგიერთი სენატორი მოითხოვს რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში მკაცრად განსაზღვრული შეზღუდული სამხედრო ქმედებები განახორციელოს. მათ შორის არის, რესპუბლიკელი ბობ კორკერი.


ბობ კორკერი: ალბათ არავის არ სურს, რომ მხარი დაუჭიროს სირიაში სახმელეთო დანაყოფების შესვლას.


კერიმ კონგრესმენი დაარწმუნა, რომ ადგილზე ქვეითი ბატალიონი არ შევა და სირიის სამოქალაქო ომში ამ ფორმით ჩარევა არ მოხდება. თუმცა მან ისაუბრა მოვლენათა ესკალაციაზე, ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოქნილ ქმედებაზე, რომ ის დაჯგუფებები, რომლებიც ქიმიური იარაღს ფლობენ და ამერიკის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი, აიძულონ რომ ეს იარაღი ამერიკელებს გადასცენ.


სხვა კანონმდებლებს შეკითხვები ჰქონდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელების დროს ოპერაციის მიზნებთან დაკავშირებით. რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს რიჩმა სახიფათო სცენარის შესახებ ისაუბრა.


ჯეიმს რიჩი: შესაძლოა შეზღუდული სამხედრო მოქმედებებიდან რამდენიმე დღის, კვირის ამ თვის შემდეგ ასადი თავის ვირთხის ბუნაგიდან გამოძვრეს და თქვას „ მე ისევ დავბრუნდი, მსოფლიოს ამ უდიდეს ძალას დავუპირისპირდი და მე გავიმარჯვე“.


თუმცა ამის საპასუხოდ, კერიმ განაცხადა, რომ სირიის ლიდერს ამერიკის სამხედრო ძალების დარტყმა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააძლიერებს. პირიქით, ძალის გამოყენების საფრთხემ ასადის მხარდამჭერთა რიგებში ღალატის და დეზერტირობის შემთხვევები უკვე გამოიწვია.


გამოკითხვების მიხედვით, სირიაში სამხედრო ოპერაციას მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტი უჭერს მხარს. ამ საკითხზე რესპუბლიკელმა სენატორმა რონ პოლმა ისაუბრა.


რონ პოლი: ამ ომის მხარდაჭერაზე საერთოდ არავის არ უსაუბრია. ეს სურვილი ჩემს გარშემო არავის გამოუთქვამს.


ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალის გამოყენება ფართომასშტაბიან ომს არ გულისხმობს. კომიტეტის სხდომამდე ცოტა ხნით ადრე, თეთრ სახლში გამოსვლისას, პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეეცადა კონკრეტულ სამხედრო ქმედებებთან და ამერიკის ისტორიაში არსებულ გრძელვადიან, დაუმთავრებელ სამხედრო კამპანიებს შორის შედარება გაეკეთებინა, „ ეს არ არის არც ერაყის შემთხვევა, და არც ავღანეთი“, განაცხადა ობამამ.


წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო ძალის გამოყენების მომხრეა. კონგრესში ამ საკითხზე კენჭისყრა სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში დაიწყება.