ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების "ჰელსინკის კომისია" განცხადებას ავრცელებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ დგანან ქართველი ხალხი გვერდით, ვინც ახლა "მშვიდობიანად იცავს საკუთარ დემოკრატიასა და ევროპულ მისწრაფებებს". სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო და "ქართულ ოცნებას" მწვავედ აკრიტიკებენ.

"„ქართული ოცნების“ ნაბიჯი, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე, არის ღალატი ქართველი ხალხის აშკარა და აბსოლუტური სურვილისადმი, ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუტების მიმართ. ეს არის მთავროობის ისეთი საქციელი, რომელიც დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმისკენ არაა მიმართული, არამედ [ასახავს] არასაიმედო რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ ექაჩება. ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებსა და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს",- ვკითხულობთ "ჰელსინკის კომისიის" მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც ხელს სამი სენატორი: დემოკრატი ბენ კარდინი, რესპუბლიკელი როჯერ ვიკერი და ასევე რესპუბლიკელი ჯონ კორნინი აწერს.

სენატორები დემონსტრანტების დარბევისა და მათზე ძალადობის ფაქტებსაც უსვამენ ხაზს და მომხდარს გმობენ:

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას. ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი თბილისის ქუჩებში არ არის. საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და დემოკრატიული პრინციპების ეროზიაზე, ანგარიშვალდებულება უნდა დაეკისროს საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ქართველი ხალხის მსხვერპლშეწირვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მოითხოვს ჩვენს სოლიდარობას და [ჩვენგან] ქმედებას",- წერია სენატორების წერილში.