Baby All Black - ბიჭები სხვა პლანეტიდან

ახალ ზელანდიის Baby All Black-ის საჩემპიონო ჰაკა თბილისში

ახალი ზელანდიის ტრიუმფით დასრულდა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში, რომელსაც საქართველოს ორმა ქალაქმა: თბილისმა და ქუთაისმა პირველად უმასპინძლეს. Baby All Black-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი „სხვა პლანეტიდან“ არიან, როცა საქმე ოვალურ ბურთაობას ეხება.

კვირას, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ შეკრებილმა 10 000-იანმა პუბლიკამ საკუთარი თვალით იხილა, ორი მაორული საბრძოლო ჰაკა - Ka Mate, საოცარი რაგბი და გაცამტვერებული მოქმედი ჩემპიონი -ინგლისი. 64-17 და 10 ლელო - ასეთი გამანადგურებელი შედეგი 10 წლიანი ისტორიის მქონე, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს არ ახსოვს.

ზელანდიამ ფინალში ინგლისს 10 ლელო დაუდო

სულ ზელანდიელებმა ხუთ თამაშში - 41 ლელო დადეს, სამ მეტოქესთან 60 ქულაზე მეტი აიღეს და მეექვსედ ასწიეს მსოფლიო ჩემპიონის თასი. თიან ფალკონის, ვილ ჯორდანის, ლუქ ჯექობსენის, ქეილებ ქლარქის და ფინალში სამი ლელოს დამდები ასაფო აუმუას ვარსკვლავურ გუნდში ვინმეს გამორჩევა მართლაც ურთულესი საქმეა.

ალბათ, ამიტომაც იყო, რომ მსოფლიო რაგბის მამებმა აუტკივარი თავი არ აიტკიეს და "მსოფლიოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ", სამხრეთ აფრიკელი იარნო აუგუსტუსი დაასახელს. მან ხუთივე მატჩში დადო ლელო, მათ შორის, მესამე ადგილისთვის, საფრანგეთის წინააღდეგ, რამაც საბოლოოდ სამხრეთ აფრიკას ბრინჯაოს მედლები მოუტანა.

20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში, ამ რანგის პირველი დიდი სპორტული ფორუმია, რომლისთვისაც საქართველოს ოდესმე უმასპინძლია. რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ამბობს, რომ ძალიან ბევრმა საქართველო, როგორც სარაგბო ქვეყანა პირველად აღმოაჩინა:

ბევრმა უცხოელმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების მატჩებს სისტემატურად ადევნებენ თვალყურს, საქართველო, როგორც სარაგბო ქვეყანა სწორედ ამ ჩემპიონატის დროს აღმოაჩინა"
გოჩა სვანიძე, საქართველოს რაგბი კავშირის პრეზიდენტი

„ბევრმა უცხოელმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების მატჩებს სისტემატურად ადევნებენ თვალყურს, საქართველო, როგორც სარაგბო ქვეყანა სწორედ ამ ჩემპიონატის დროს აღმოაჩინა.

პირადად ვარ მომსწრე, მაღალი რანგის სარაგბო მოხელეების სატელეფონო საუბრების, როცა ერთამანეთს ეუბნებოდნენ წარმოდგენა არ გაქვთ რა მაგარ ქვეყანაში ვიმყოფებითო.“

რაც შეეხებათ უმცროსს „ბორჯღალოსნებს“, 20 წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა მთავარი ამოცანა - მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილის შენარჩუნება წარმატებით გადაჭრა. საქართველომ საბოლოოდ მეათე ადგილი დაიკავა, ჩემპიონატიდან კი სამოა გავარდა.

ქართველთა ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კვესელაძე

ჯგუფში სამი წაგებული თამაშის (26:37 არგენტინასთან, 14:38 სამხრეთ აფრიკასთან და 0:54 საფრანგეთთან) შემდეგ, ნორჩმა ქართველებმა დასახული გეგმის მიხედვით, მთავარი გათვლა პლეი-ოფის მეოთხე თამაშზე გააკეთეს და ძალების საოცარი მობილიზებით, პირველად ისტორიაში, პირველი ეშელონის სარაგბო ქვეყანა - არგენტინა 26:25 დაამარცხეს.

სამხრეთ ამერიკელ „პუმებთან“ გამარჯვებამ „ბორჯღალოსნებს“ საშუალება მისცა მე-9 ადგილისთვის ირლანდიასთან ებრძოლათ. „სამყურებთან“ დასანანი მარცხის (18:24) მიუხედავად, ეს თამაში ისტორიაში გელა აფრასიძის საოცარი ლელოთი შევა.

19 წლის აფრასიძემ, რომელმაც მსოფლიო თასზე კარგი თამაშით, ფრანგულ სარაგბო გრანდ „მონპელიესგან“ სამწლიანი კონტრაქტი დაიმსახურა, კვირას, ბრწყინვალედ გაუჭრა ხაზი ირლანდიას და 60 მეტრიანი სპრუტის დროს, ლელომდე 8(!) მდევარი ჩამოიტოვა.

გელა აფრასიძის საოცარი ლელო

გარდა აფრასიძისა, მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს: გიორგი კვესელაძემ, ბექა საღინაძემ, დავით მესხმა, ილია სპანდერაშვილმა, გურამ გოგიჩაშვილმა, თედო აბჟანდაძემ, გურამ და ლევან პაპიძეებმა. უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე ამბობს:

ასეთ თამაშებში იზრდება მორაგბე, დიდ თამაშებში იზრდება! ამ ბიჭებისთვის ეს ჩემპიონატი ძალიან დიდი გამოცდილება იქნება სამომავლოდ. ამიტომ არის აუცილებელი რომ მსოფლიო თასზე რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ადგილი, აქედან ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე წავა საქართველოს ეროვნული ნაკრების შესავსებად“
ილია მაისურაძე, საქართველოს U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

„ასეთ თამაშებში იზრდება მორაგბე, დიდ თამაშებში იზრდება! ამ ბიჭებისთვის ეს ჩემპიონატი ძალიან დიდი გამოცდილება იქნება სამომავლოდ.

ამიტომ არის აუცილებელი რომ მსოფლიო თასზე რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ადგილი, აქედან ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე წავა საქართველოს ეროვნული ნაკრების შესავსებად.“

ის, რომ დიდ „ბორჯღალოსნებს“ ახალი სისხლი ნამდვილად სჭირდებათ, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად მიმდინარე, ამერიკულმა ტურნემაც ნათლად აჩვენა.

კალგარიში, კანადასთან (13:0) და ატლანტაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან (21:17) მოპოვებული ზედიზედ ორი გამარჯვების მიუხედავად, ახალ ზელანდიელი მილთონ ჰეიგის გუნდი ზედმეტად მძიმედ გამოიყურება და თაობათა ცვლის გამო, საკმაოდ რთული პერიოდი უდგას.

20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილის შენარჩუნება კი იმის გარანტიაა, რომ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეებს მომავალ წელს კიდევ უფრო მოუმატებენ, რადგან ხუთი უმაღლესი კლასის მატჩი ისევ ელით. 2018 წელს, უკვე შოტლანდიაში, საქართველო U20-ის მეტოქეები ჯგუფში - სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი და ირლანდია იქნებიან.

საქართველო სარაგბო ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ზეიმობს, გოგიტა ბუხაიძის ფოტო