“ქართულ-ამერიკული თეატრალური ნადიმი” - ამ სახელწოდებით ნიუ-იორკში ჩატარებულმა ფესტივალმა 9 ქართველი დრამატურგის 11 პიესას მოუყარა თავი. ქართული დრამატურგიის ისტორიაში ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენა იყო. თითქმის ერთი თვის მანძილზე, 13 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, ამერიკელ თეატრის მოყვარულებს, პროდიუსერებს და ქართული იმიგრაციის წარმომადგენლებს, საშუალება ჰქონდათ მანჰეტენზე თანამედროვე ქართველი დრამატურგების ნამუშევრებს გაცნობოდნენ. ორი პიესა სრულად დაიდგა, დანარჩენები კი ამერიკელმა მსახიობებმა სცენიდან მხატვრულად წაიკითხეს.
ღონისძიების ორგანიზატორი, რეჟისორი ირინა გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ პიესების ქართველ ავტორებს, მათი ნაწარმოებებისადმი გამოხატული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, წინ საინტერესო შემოთავაზებები ელით და ეს მთლიანად ქართული დრამატურგიის განვითარებისთვის შესაძლოა სერიოზული სტიმულის მიმცემი გახდეს. ფესტივალის პირველ დღეებში თუ დარბაზში თავისუფალ ადგილებს იოლად იპოვიდით, ბოლო კვირის მანძილზე ეს უკვე შეუძლებელი გახდა და პიესების მხატვრული კითხვა, რომელიც ხანდახან დღეში ორჯერ იმართებოდა, უკვე სრული ანშლაგით მიმდინარეობდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მაყურებლები ძირითადად ამერიკელები იყვნენო, ყვება ირინა. “სასიამოვნოდ გაკვირვებული და გახარებული დავრჩი, რადგან აღმოვაჩინე, რომ ამერიკელებს ქართული პიესების მიმართ ინტერესი გაუჩნდათ და გამოხატეს სურვილი, რომ მომავალშიც გაიმართოს ასეთი ფესტივალები... თანაც, არამარტო ნიუ-იორკში, არამედ ამერიკის ხვა ქალაქებშიც” - ამბობს ირინა. თანაც, ისეთი მაყურებლებიც იყვნენ, რომლებიც თეატრში ბევრჯერ მოდიოდნენ და სხვადასხვა წარმოდგენას ესწრებოდნენო.
კომპანიას “რედ ლაბ პროდაქშენს” ქართული პიესების შერჩევისას განსაკუთრებული კრიტერიუმები არ ჰქონია. ირინას ინიციატივით, პროგრამაში ყველა პიესის ჩართვა მოხერხდა, რომელიც ინგლისურ ენაზე ნათარგმნი მიიღეს. ნიუ-იორკში წარმოდგენილ ქართველ დრამატურგთა სია ასე გამოიყურება: ლაშა ბუღაძე, თამარ ბართაია, დათა თავაძე, რეზო კლდიაშვილი, ნესტან კვინიკაძე, გურამ ბათიაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, დათო ტურაშვილი და ნინო ხარატიშვილი.
ფესტივალში მონაწილეობა ათმა ამერიკელმა რეჟისორმა და ორმოცდაათამდე ამერიკელმა მსახიობმა მიიღო. ირინა გაჩეჩილაძის თქმით, ეს შემთხვევითი არ იყო. მისი გადაწყვეტილებით, ყველა სპექტაკლზე სხვადასხვა ჯგუფი მუშაობდა, რომ რაც შეიძლება მეტ ამერიკელს მისცემოდა ქართულ ფესტივალში მონაწილეობის შანსი და ჰქონოდა საქართველოს, ქართული კულტურის გაცნობის საშუალება.
“პიესების მეშვეობით, ამერიკელებმა ბევრი რამ შეიტყვეს საქართველოს შესახებ. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ისტორიით, პოლიტიკით, კულტურით... ხშირად გაიგებდით: არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ, ჩემთვის ეს აღმოჩენაა” - ყვება ირინა. მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელები კარგად განეწყონ საქართველოს მიმართ. თეატრს კი ნამდვილად აქვს ამის ძალა და უნარი. საბოლოო ჯამში, “მგონია, რომ ფესტივალის მისია გაცილებით დიდი იყო, ვიდრე საქართველოს და ქართული პიესების გაცნობა. გაცნობასთან ერთად, აქ ხდებოდა ქვეყნისადმი კეთილი განწყობის შექმნაც” - ამბობს ირინა.
სპექტაკლების შემდეგ ხშირად იმართებოდა დისკუსიები. ირინას თქმით, “ძალიან ხშირად ხდება, რომ ამერიკული თეატრიდან აბსოლუტურად ცარიელი გამოდიხარ, უემოციოდ, გაერთობი და მორჩა. ხანდახან მიფიქრია, რომ ამერიკელებს სწორედ ასეთი სპექტაკლები ურჩევნიათ. მაგრამ ქართული პიესების ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ასე არ არის. მაყურებლებს დარჩენა, შთაბეჭდილებების გაზიარება, პიესებზე, მათ გმირებზე, საქართველოზე საუბარი უნდოდათ”. ქართველი დრამატურგებიდან ფესტივალზე დასწრება და უშუალოდ ამერიკელ მაყურებლებთან გასაუბრება მხოლოდ დათო ტურაშვილმა შეძლო.
“სამ სპექტაკლს დავესწარი და ისე დაემთხვა, რომ პიესებში მოვლენები სულ რუსეთთან კონფლიქტის ფონზე ვითარდებოდა. ეს ძალიან საინტერესო ამბავია” - ამბობს დათო ტურაშვილი და იქვე, ზოგადად ფესტივალის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს: “სხვათა შორის, თანამედროვე დრამატურგიის ასეთი წარდგენა, შტატებში კი არა, საქართველოს გარეთაც არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა. რომელიმე ქვეყნის თეატრში ერთი თვის მანძილზე, სულ ქართული პიესები წარედგინათ? ასეთი რამ არც გამიგია, სიმართლე გითხრათ. ძალიან დიდი რამ მოიფიქრა და რაც მთავარია, განახორციელა ირინა გაჩეჩილაძემ. ხალხიც მოიზიდა, დაინტერესებაც იყო... ჩემი თვალით ვნახე, რამდენი ადამიანი ესწრებოდა, სულ სავსე იყო დარბაზი. შეიძლება კი არა, დარწმუნებული ვარ, საქართველოში არც კი ესმით, თუ რას ნიშნავს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მთელი თვე ქართული დრამატურგიის წარმოდგენა”.
დათოს აზრით, მაყურებელი პიესებს სრულიად ადეკვატურად აღიქვამდა და ეს მას არც გაკვირვებია, მაგრამ ძალიან კი გაუხარდა. “არ გამიკვირდა იმიტომ, რომ ამერიკელი მსახიობი და მაყურებელი ჩვენზე მომზადებულია, არ არის ზედაპირული. ამერიკელი, რომელიც ნიუ-იორკში ქართული პიესის სანახავად, თუ მოსასმენად მოდის, გაცილებით უფრო მომზადებულია იმ სამყაროსთან შესახვედრად, რომელიც მას თეატრში ელოდება... ისეთი რეაქციები ჰქონდათ, მართლა საოცრება იყო. სპექტაკლის ბოლოს იმდენი შეკითხვა დამისვეს და ისეთი საინტერესო, ისეთი მრავალფეროვანი, გასაკვირი იყო... მსახიობებსაც ისე კარგად ესმოდათ როლი, ისე გათავისებული ჰქონდათ, თითქოს საქართველოს კარგად იცნობდნენ” - ამბობს ის.
დათო ტურაშვილი ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ გამართულ დისკუსიას იგონებს. მაყურებელმა ქალმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ საქართველოს ისტორიას მეტ-ნაკლებად იცნობდა, თურმე ასეთი შეკითხვა დაუსვა: “რომ ვიცი თქვენი ისტორია, ისეთი ტრაგიკულია, იმდენი სისხლია, იმდენი დამარცხება, მართლა ვერ გავიგე, რა გაქეიფებთ ქართველებს ყოველდღე, რა გამღერებთ, რა გაცეკვებთო? მე შევეცადე ამეხსნა ეს. უცებ, რაც მოვიფიქრე, იყო ის, რომ, შეიძლება სწორედ ეს იყოს ის საიდუმლო ძალა, რომელიც გვაცოცხლებს. რომ გადავყვეთ გლოვას, აღარ იარსებებდა ქართველობა... სულ გლოვაში რომ ჩავრჩეთ, ვერც წინ ვერ წავალთ. ჩვენ ხომ ყველა დროში ეს მოთხოვნილება გვაქვს, მართლა მეტიჩრები ვართ და მე ეს მომწონს: სულ წინ გვინდა ვიაროთ. იმიტომაც ვარ წყნარად რუსეთთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ნება თუ იქნება, არასოდეს მათი ნაწილი არ გავხდებით. ჩამორჩენილ სახელმწიფოსთან ცხოვრება უბრალოდ არ მოგვწონს. სადაც პროგრესია და წინსვლა, განათლება, სადაც ევროპაა, ცივილიზაცია, კეთილდღეობა და სიკეთე, იქ გვირჩევნია” - ამბობს მწერალი და დრამატურგი.
დათო წუხს, რომ ნიუ-იორკის თეატრალური ფესტივალისგან იგივე შთაბეჭდილებები მისმა ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს. დრამატურგების ნაწილს იქ ჩასასვლელად არ ეცალა, ზოგს ამერიკის ვიზა არ მისცეს. ირინა გაჩეჩილაძე ფინანსურ პრობლემებსაც არ გამორიცხავს. თუმცა, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობისთვის დასახმარებლად მას არ მიუმართავს. მანჰეტენზე თეატრის დაქირავების მთავარი ხარჯი ქართველმა მეცენატმა ოთარ მარღანიამ გაიღო. ირინას თქმით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თანხა, რომლის გარეშეც ღონისძიება უბრალოდ ვერ გაიმართებოდა.
ფესტივალზე სპექტაკლების პარალელურად, მიმდინარეობდა ქართული სიმღერის კონცერტები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ილუშა ცინცაძემ ბენდთან ერთად, ნინი ხვედელიანმა და ანსამბლმა “ზეკარმა”. თეატრში კედლებზე ქართული ხელნაწერების ასლები იყო გამოფენილი, რომელიც თბილისიდან საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოაგზავნა. კომპანია “ქორუს იმპორტის” დახმარებით, იმართებოდა ქართული ღვინის დეგუსტაციაც. მანჰეტენზე მდებარე ქართული რესტორნის “ოდა-ჰაუსის” თანამფლობელმა, მაია დვალაძემ ფესტივალზე ქართული კერძების არაერთი პრეზენტაცია მოაწყო. ასე რომ, ნიუ-იორკელ თეატრის მოყვარულებს ამ ზაფხულს “ქართულ-ამერიკულ თეატრალურ ნადიმზე” ქართული კულტურული მრავალფეროვნების “დაგემოვნების” მართლაც იშვიათი შესაძლებლობა მიეცათ.