16 წლის წინ მსოფლიო მთლიანად შეიცვალა. ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას მიერ განხორციელებულმა ტერაქტმა 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 2, 997 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორ იხსნებენ ამ ტრაგიკულ დღეს ქართველი იმიგრანტები, რომლებიც მაშინ ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
"Ground Zero" დღესდღეობით ნიუ-იორკში ჩამოსული უცხოელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილია. ესპანელი ნეოფუტურისტი არქიტექტორის, სანტიაგო კალატრავას მიერ შექმნილი თეთრი ფრთების კონსტრუქცია, რომელიც სატრანსპორტო კვანძის შენობაა, თავისუფლების პარკი, 11 სექტემბრის მუზეუმი, დაღუპულთა მემორიალი, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ნომერი პირველი-ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ქალაქში, რომლის სიმაღლე, 1,776 ფუტი, არცთუ შემთხვევით, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების წელს ემთხვევა - აქ მოსული ტურისტების ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს.
სამახსოვროდ შეგიძლიათ შეიძინოთ ტრაგიკული მოვლენების ამსახველი წიგნი, მაისური 9/11 წარწერით, სუვენირები. სუვენირების გამყიდველი გოგონა მარია ამბობს, რომ ეს რეკლამის და პრომოუშენის ადგილი არ არის, თუმცა ტურისტებს სამახსოვრო სუვენირი აქედან ხშირად მიაქვთ. ჰავიერი ნიუ-იორკში ესპანეთიდან შაბათს ჩამოფრინდა.
ჰავიერი: გუშინ ჯერ თაიმ სქვერზე ვიყავი, მერე აქ მოვედი, მაინტერესებს რა ხდება დღეს ტერაქტის ადგილას.
რაჰლუ ნინი ინდოეთიდან ყვება, რომ ტერაქტის დროს ჰოლანდიაში იყო. ახლა ის ნიუ-იორკში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა და იმისთვის მივიდნენ ტერაქტის ადგილას, რომ პატივი მიაგონ უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას.
ეს მდუმარე და ხალხმრავალი ადგილია, მხიარულების და მუსიკის გარეშე. მხოლოდ სამშენებლო და სატვირთო ტექნიკის ხმაური ისმის და დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ აშენებული მემორიალის შადრევნის ხმა, რომელიც მართკუთხა კონსტრუქციის 30 მეტრის სიღრმეში ჩაედინება. ყველაფერი გეგმის მიხედვით მაინც ვერ წავიდა. ჩაფიქრებული შვიდი ცათამბჯენიდან ამჟამად მხოლოდ სამია აშენებული. ამ ცათამბჯენებში განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი კორპორაციების და საბანკო ოფისები, მაღაზიები, უმაღლესი კლასის რესტორნები.
მესამე ნაგებობის მშენებლობა, რომლის სიგრძე 352 მეტრი იქნება სავარაუდოდ, მომავალ წელს გაზაფხულზე დასრულდება. 2018 წელს ასევე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი გაიხსნება, რომლის რესტავრაცია ახლა მიმდინარეობს. ტაძარი, რომელიც ტერაქტის შემდეგ 2014 წელს დაზიანდა, 11 სექტემბერს დაღუპულ ნიუ-იორკის მეხანძრეთა მემორიალის პირდაპირ მდებარეობს. პროექტის დეველოპერების გათვლით, ყველა სამშენებლო სამუშაო აქ უკეთეს ვარიანტში 2020 წლისთვის უნდა მორჩეს.
11 სექტემბერი-დღე, რომელმაც მსოფლიო მთლიანად შეცვალა ქართველ იმიგრანტებსაც კარგად ახსოვთ. ნინო ჩოგოვაძე ამბობს, რომ მაშინ ენაც არ იცოდა კარგად და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, როდესაც პირდაპირ ეთერში "ტყუპებზე" შეტაკებებს უყურებდა.
ნინო ჩოგოვაძე: არ შემიძლია აღვწერო, ის შიში რაც განვიცადე. რადგან მარტო ხარ სამსახურში, არ იცი რა ხდება. ოთხი თვითმფრინავი გავიდა იმ დღეს, ცამეტი ტეროტისტი. გეშინია, ხომ შეიძლება იმ თვითმფრინავმა გადმოუაროს იმ ქალაქს, სადაც შენ ხარ და ჩამოაგდოს ბომბი, იმიტომ რომ არ იცი რას აკეთებენ ის ტერორისტები. ბუნებრივია, დაუცველობის სინდრომი გაქვს იმ მომენტში ადამიანს, ეს შიში ალბათ ყველამ გაიარა.
ნინოს მსგავსად, მოვლენებს ტელევიზორში მარიკა დემეტრაშვილიც აკვირდებოდა. სულ რაღაც 7 თვის ჰყავდა ნინიკო, რომელიც ნიუ-იორკში დაიბადა. ტერაქტის გამო საქართველოში დაბრუნება მას არ უფიქრია.
მარიკა დემეტრაშვილი: იმხელა მანძილიდან ჩვენამდე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სულ ფერფლი იყო. იცით რა სუნი იდგა? არანაირი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. არც ტელეფონი, არაფერი არ იყო ორი დღე, მთლიანად გაწყვეტილი იყო კავშირი ბრუკლინსა და მანჰეტენს შორის. ხომ წარმოგიდგენიათ ეს რამხელა ზარალია მანჰეტენისთვის. ბავშვი ვერ გამომყავდა სასეირნოდ, ჰაერში სულ იყო საშინელი დამწვრის სუნი. პერიოდულად, ზემოდან ფერფლი ცვიოდა.
11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს ამერიკის მთავრობა დღემდე ეხმარება. არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა მათთვის, ვისაც ჯანმრთელობა 2001 წლის შემდეგ სწორედ ტერაქტის ტერიტორიაზე ყოფნის და მუშაობის გამო დაუზიანდათ.
ნინო ჩოგოვაძე: ინფორმაციის ვაკუუმი არ შექმნილა, ყველა არხი გადმოსცემდა ყველა დეტალს, რაც კი შესაძლებელი იყო, რაც კი ადამიანებს უნდა სცოდნოდათ. რადგან პირველი, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, არის ის, თუ რა ხდება ეპიცენტრში. ეს ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან ინფორმაციულობით ჩემი ქვეყნიდან მაშინ განებივრებული არ ვიყავი. ამან ცოტა დამამშვიდა. მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, ქალაქის მერიის ჩათვლით და ის, თუ თავად ამერიკელები როგორ უფრთხილდებიან ერთმანეთს. ხარ ქვეყანაში სადაც მოხდა მსოფლიო მასშტაბის ტერაქტი-მსხვერპლის შედარებაც არ შეიძლება რაოდენობრივად საქართველოსთან-მაგრამ ძალიან დიდი დაცულობის შეგრძნება გამიჩნდა თავად სახელმწიფო ისნტიტუტების მხრიდან, რადგან ისინი ძალიან უფრთხილდებიან ხალხს.
ტერაქტიდან 16 წლის შემდეგაც კი, ნიუ-იორკის მერია ტრაგედიის ადგილას, ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს იწვევს, ისინი პირდაპირ ეთერში ტრაგიკულად დაღუპული ახლობლების სახელებს ამბობენ. ეს ცერემონია წამყვან ამერიკულ ტელეარხებზე პირდაპირ ეთერში თითქმის ორი საათის განმავლობაში გადაიცემა. ეს არის სისასტიკით და ტრაგედიის მასშტაბურობით ყველაზე მძიმე დღე მსოფლიოში, რომელმაც მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანის ბედი შეცვალა.