რუსული ოკუპაციის საპროტესტო აქცია ნიუ-იორკში გაიმართა

ნიუ-იორკი, 8 აგვისტო, 2017

ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ ამერიკაში მცხოვრები ქართველი იმიგრანტები შეიკრიბნენ და რუსული აგრესია გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორი “თვისტომის” ასოციაციის დამფუძნებელი ნიკოლოზ ჩხეიძე და ნიუ-იორკში მცხოვრები სხვა აქტივისტები იყვნენ. საპროტესტო აქციაზე, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი ნიკოლე მალიოტაკისი და ნიუ-იორკის საბჭოს კანდიდატი, პოლიციის კაპიტანი ჯოზეფ კონკანონიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც რუსეთს აგრესიის შეწყვეტისკენ და საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდეს. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

“არა ოკუპაციას ნიუ-იორკიდან”- პატარა ქვეყნის გადაუჭრელი პრობლემის გამო მსოფლიო მეგაპოლისში, გაეროს შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიასთან, ქართველი იმიგრანტები 2008 წლის შემდეგ ყოველ 8 აგვისტოს იკრიბებიან. “შეწყვიტეთ საქართველოს ოკუპაცია," “ჩვენ უნდა ჩავშალოთ პუტინის გეგმა რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი”, "საქართველოს ტეროტორიის 25% ისევ ოკუპირებულია”-მსგავსი შინაარსის ბანერებით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, ყოველგვარი შეძახილების და ხმაურის გარეშე, მდუმარედ დაახლოებით ორი საათი მიმდინარეობდა. აქციისთვის სამზადისი რამდენიმე კვირით ადრე სოციალურ ქსელში დაიწყო. ორგანიზატორები მონაწილეებს სთხოვდნენ საქართველოს დროშის ფერის ტანისამოსი ცმოდათ და აქციაზე პოლიტიკური შეხედულებების აფიშირებისგან თავი შეეკავებინათ. ეს უნდა ყოფილიყო შეკრება, სადაც ყველა საერთო სატკივარის წინააღმდეგ გაერთიანდებოდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ასოციაცია “თვისტომის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ ჩხეიძე ამბობს:

"იდეა ამ ღონისძიების არის შეხსენება ყველასათვის, მათ შორის ჩვენი საზოგადოებისთვისაც, ჩვენი ხელისუფლებისთვის და სხვა ქვეყნების ოფიციალური წრეებისთვის, სხვა ქვეყნის საზოგადოებებისთვის, რომ ეს თემა- საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 2008-ში, უფრო სწორედ, დაიწყო 200 წლის წინ, მაგრამ 2008 წლის შემდეგ არ შეჩერებულა და ამ პორცესს შეაჩერებს მხოლოდ ერთობა და ერთად დგომა, არ აქვს მნიშვნელობა არც საგარეო, არც შიდა მრწამსს, აქ არის ლაპარაკი ქვეყნის ინტერესებზე, ამიტომ დღეს, როგორც ხედავთ დღეს, ყველა ერთად ვდგევართ და რუსულ აგრესიას ყველა ერთად ვაპროტესტებთ."

რუსული აგრესია წლევანდელ აქციაზე ქართველებთან ერთად შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს. აქციაზე განაცხადეს, რომ შეიქმნა ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი, რომლის მიზანი ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან უფრო აქტიური თანამშრომლობა იქნება. შეკრებაზე მისულ იმიგრანტებს რესპუბლიკური პარტიის ნიუ-იორკის მერობის კანდიდატმა ქალბატონმა ნიკოლე მალიოტაკისმა მიმართა.

"მე აქ იმისთვის ვარ, რომ მხარი დავუჭირო საქართველოს და ქართველ ხალხს ოკუპაციის წინააღმდეგ. მსურს, რომ მალე ვიხილო გაერთიანებული და სუვერენული საქართველო."

ნიუ-იორკის პოლიციის კაპიტანი, ქალაქის საბჭოს კანდიდატი ჯოზეფ კონკანონი, რომელიც გასულ წელს საქართველოშიც იმყოფებოდა, რუსეთის მიმართ უფრო რადიკალური განცხადებით გამოვიდა:

"მათ უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ჩვენ გვჯერა რომ ის, რაც ხდება ამჟამად, ეს არის პუტინის და მისი ადმინისტრაციის ბოროტული განზრახვის განხორციელება. ის საერთაშორისო თანამეგობრობას და შეთანხმებებს არაფრად აგდებს, იპყრობს საქართველოს და უკრაინას. მას, პუტინს უნდა ესმოდეს, რომ არ უნდა დაარღვიოს მსოფლიო წესრიგი, რადგან როცა არღვევს უფრო აბრაზებს დანარჩენ მსოფლიოს და უფრო მეტი მიზეზი ჩნდება, რომ აქ ვიყოთ და მხარი დაგიჭიროთ."

საპროტესტო აქციაზე მწერალი დათო ტურაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც იმიგრანტებს მიმარათა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოსთვის და საერთოდ მსოფლიოსთვის, საქართველოს ოკუპაციის თაობაზე ყველა ხმა, ყველა განცხადება მნიშვნელოვანია.

ასოციაცია “თვისტომი” რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და მცოცავი ანექსიის შეჩერების მიზნით აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავს და შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები იმიგრანტების გააქტიურებას აპირებს.