ნიუ- იორკში, უსაფრთხოების უმაღლესი ზომები მიიღეს მდინარე ჰუდსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც ხალხი ტრადიციულ ფოიერვერკს ადევნებდა თვალს. ამ ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტები მდებარეობს. ეს არის გაეროს შტაბ-ბინა და სხვადახვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მისია გაეროში, ასევე უცხოელი ჟურნალისტების პრეს-ცენტრი, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კურირებს.
ხალხმა მდინარე ჰუდსონისკენ სვლა სამი საათით ადრე დიწყო, რათა კარგი პოზიციები დაეკავებინა. პოლიცია მდინარის აღმოსავლეთ ნაწილში მიმავალ ყველა პირს ამოწმებდა, განსაკუთრებით, ტურისტების და ქალაქის მცხოვრებთა ჩანთებს. ფოიერვერკის წინ, ნიუ-იორკში გაწვიმდა, თუმცა ამის გამო ის არ გაუუქმებიათ. უცნობი ადამიანები თავს ერთმანეთის ქოლგებს აფარებდნენ.
ამერიკის 240-ე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სავაჭრო ცენტრ "მეისის" ტრადიციული, მეორმოცე ფოიერვერკი წელს გრანდიოზული და გამორჩეულად ლამაზი იყო.
ფოიერვერკების ნახვა მანჰეტენის გარდა ბრუკლინიდან და ქვინსის რაიონებიდანაც შეიძლებოდა. "მეისისმა" წინასწარ შეარჩია სპეციალური მისამართები და პრესით გაავრცელა ადგილები, საიდანაც ხალხი ფოიერვერკებს კარგად დაინახავდა. წლევანდელი საიუბილეო შოუ საღამოს ათის ნახევარზე დაიწყო და 25 წუთი გაგრძელდა. ნიუ-იორკის "ცენტრალ პარკში" გუშინ მომხდარი აფეთქების გამო და ბოლო დროს, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ სპეციალური სამსახურები და ნიუ-იორკის პოლიცია.
ფოიერვერკის გარდა, ნიუ-იორკში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცნობილი პოპ-ვარსკვლავების შოუც გაიმართა -კენი ჩესნი, მეგან ტრეინორი, პიტბული და სხვა შემსრულებლები ხალხის გამხიარულებაზე და განწყობის ამაღლებაზე ზრუნავდნენ.