ქართველი არტისტების გამოფენა ნიუ-იორკში შედგა

გამოფენა ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის "ფენიქს" გალერეა მასპინძლობს ქართველი მხატვრების და მოქანდაკეების ჯგუფურ გამოფენას, რომელიც ნიუ-იორკში ქართული კომპანიის "მადატარტის" ორგანიზებით მოეწყო.

"ფენიქსის" საგამოფენო სივრცე ქართველი თანამედროვე არტისტების ნამუშევრებს 29 ივნისამდე უმასპინძლებს. ეს ნიუ-იორკში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი კომპანიის "მადატარტის" ორგანიზებით გამართული მეორე ჯგუფური გამოფენაა. პირველი გამოფენის დროს "ემანუელ ფრემინ" გალერეაში 16 ქართველი მხატვრის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ამჯერად, ამერიკელი გალერისტების ინტერესში პაპუნა დაბრუნდაშვილის და ლევან ბუჯიაშვილის ქანდაკებები, მხატვრების - ავთანდილ გახოკიძის, თეოდორა კოხოძის, გიორგი შალიკაშვილის, ნინო პაიჭაძის, მარი აქუბარდიას, მაკო ლომაძის, ნინო ხვადაგიანის, სოფო ბარნოვის, ბადრი ფილიშვილის და ნოდარ გიუნაშვილის ნამუშევრები მოექცა. "მადატარტის" დამფუძნებელი მარიტა დამენია ამბობს, რომ ქართული ხელოვნების მიმართ ნიუ-იორკში ყურადღება გაიზარდა.

მარიტა დამენია: ვინც იყო წინა გამოფენაზე, ის ხალხი მოვიდა ამ გამოფენაზეც. უცხოელები უფრო მეტი დადიან, ვიდრე ქართველები. ანუ ის მოლოდინი, რომ ქართველები მოსულიყვნენ უფრო, რადგან ქართული არტია, ასე არ მომხდარა. ივენთი ივენთზე იმართება აქ,გამოფენა-გამოფენაზე და ზოგადად რთულია აქ ვინმე რაიმეთი დააინტერესო. ამდენად, ძალიან სანერვიულო იყო ჩემთვის პირველი გამოფენა, რადგან ვფიქრობდი - ვაი რომ საერთოდ არ დაინტერესდნენ. ზოგმა საერთოდ არ იცის ჯორჯია, და მითუმეტეს არცერთის არც სახელი, არც გვარი. მაგრამ ეს ჩემი შიშები არ გამართლდა. კარგად ჩაირა გახსნამ, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი. ისე არ იყო, რომ შემოდიოდნენ და გადიოდნენ. შემოდიოდნენ, ინტერესდებოდნენ და რჩებოდნენ.

საინტერესო და რეზონანსული პროექტების გამოცდილება მარიტა დამენიამ თბილისში ცხოვრების დროს მიიღო. გაზეთ "პრაიმ-ტაიმში" მარკეტინგის მენეჯერად მუშაობის პერიოდში მოიძია და შემდეგ კატალოგად გამოსცა მხატვარ გიგო გაბაშვილის აქამდე უცნობი ფოტოები. ამერიკაში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა. თავიდან, ვიდრე საკუთარ კომპანიას ჩამოაყალიბებდა, ამერიკელ არტისტთან მუშაობდა, რამაც საშუალება მისცა ნიუ-იორკის გალერეების სპეციფიკა და ნიუანსები კარგად შეესწავლა და კონტაქტები დაემყარებინა.

მარიტა დამენია: გალერეები ნადირობენ შენზე, თუ შენ გაქვს კარგი ბიოგრაფია, და რომელიმე კარგ მუზეუმში ხარ გამოფენილი ან რომელიმე კარგ აუქციონზე ხარ გაყიდული. აქამდე ეტაპობრივად უნდა მიხვიდე, ეს ერთ წამში ეს არ ხდება. მაგალითად, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში მოეწყო ქართველი მხატვარი ნინო პაიჭაძე, რომლის ნახატებიც დღეს აქ არის გამოფენილი, ის ზეთით ხატავს 3დ-ში. ის ახლა ეძებს დაფინანსებას, რომ ჩამოვიდეს და ისწავლოს აქ. ეს გოგო რომ აქ ჩამოვიდეს, მისი მომავალი აქ მეტნაკლებად უზრუნველყოფილი იქნება, რადგან მათ აქვთ თავიანთი რესურსები, რითაც თავიანთი სტუდენტების პრომოუშენს ახდენენ და მათი მოხვედრა მუზეუმებში და აუქციონებში გაცილებით მარტივია.

სავიზო პრობლემების გამო ნინო პაიჭაძე, სამწუხაროდ ფენიქსის გელერეაში საკუთარი ნამუშევრების გამოფენას ვერ დაესწრო, თუმცა იმედი აქვს, რომ საქართველოს განათლების საეთაშორისო ცენტრი მის განათლებას შესაბამისი დაფინანსებით უზრუნველყოფს.

ნინო პაიჭაძე: სტერეოგრაფული მხატვრობა ჯერჯერობით არსად არ იქმნება. ინტერნეტში ვეძებთ ყოველთვის, იქნებ ვიღაც კიდევ ქმნის, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი ნამუშევრები ფერწერაში არავის აქვს შექმნილი. ძალიან მინდა, რომ განვავითარო ეს ახალი მიმდინარეობა, რომ ჩამოყალიბდეს გარკვეულ მიმართულებად მხატვრობაში, მითუმეტეს, თუ ის ქართული ხელოვნების სახელით იქნება გავრცელებული, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

უკვე რამდენიმე წელია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ქართველი მოქანდაკე პაპუნა დაბრუნდაშვილი, რომლის ნამუშევრები ფენიქსის გალერეაშია წარმოდგენილი.

პაპუნა დაბრუნდაშვილი: ნიუ-იორკს მსოფლიო კულტურის თანამედროვე ცენტრად მივიჩნევ. ნიუ-იორკში ქვის სახელოსნოში ვმუშაობ, სადაც ძირითადად პარკების ქვის დეკორაციულ ქანდაკებებს ვაკეთებთ. მაქვს საშუალება ჩემი საქმეც ვაკეთო. ამაში არ ვიზღუდები.

ჯგუფური გამოფენის შემდეგ, ნიუ-იორკის ჩელსის უბანში მომავალ კვირას ქართველი არტისტის პირველი სოლო გამოფენა გაიხსნება. ვასილ სამსონიას ნამუშევრების ექსპოზიცია "მადატარტის" ორგანიზებით ფენიქსის გალერეაში ერთი კვირით გამოიფინება.