ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალი ნიუ-იორკში

ფესტივალი ნიუ-იორკში

პირველად ქართული დრამატურგიის ისტორიაში ნიუ-იორკის სცენაზე ამერიკელებმა 9 ქართველი დრამატურგის პიესა დადგეს. ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალი "RedlabProductions"-ის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც ქართველმა რეჟისორმა ირინა გაჩეჩილაძემ შექმნა. გუშინ "Theatro Circulo"-ში ლაშა ბუღაძის ორი პიესის პრემიერა გაიმართა - " ნავიგატორის", რომელიც სრული სპექტაკლია და ასევე სპეციალური პროგრამით მაყურებელს "პუტინის დედა" - მონო-სპექტაკლი უჩვენეს. პროგრამაშია თამარ ბართაიას სრული სპექტაკლის "სათამაშო იარაღის" პრემიერა და სხვა ქართველი ავტორების მონო-სპექტაკლებიც. ირინა გაჩეჩილაძის მიზანი ამერიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ვინ არის პუტინი?- ლაშა ბუღაძის მონო-პიესამ "პუტინის დედა", ამერიკელები პუტინის მოვლენაზე სამყაროში და ასევე პოლიტიკოსი-პუტინის, როგორც მოვლენაზე მსოფლიოში, ახლებურად დააფიქრა. ვერა პუტინას მონოლოგი მცოცავ ანექსიაზე, რუსეთ-საქართველოს ომზე, სოციალურ პრობლემებზე, შვილისგან უპატრონოდ მიტოვებულ დედაზე, ამერიკელმა მსახიობმა მამაკაცმა კრის ლოუენმა შეასრულა.

კრის ლოუენი: მე მგონი ახლა მთელს დანარჩენ მსოფლიოს ესმის საქართველოს ხედვა პუტინის შესახებ. ეს არის პიესა, რომელიც ჩემში უფროდაუფრო ზრდის იმ აზრს, რომ პუტინი არ არის მხოლოდ საქართველოს და უკრიანის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემა და ამის შესახებ თავის მონოლოგით მითოლოგიური გმირი ან გინდათ ურბანული ლეგენდის გმირი ვერა პუტინა საუბრობს, რომელიც ამბობს რომ მისი დედაა.

ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალის კვირადღე ამ მონო-პიესით, ქართული ღვინით და კერძებით, ასევე ამერიკელი-ქართველის ილუშა ცინაძის კონცერტით დასრულდა. თუმცა მანამდე "Theatro Circulo" -ში ლაშა ბუღაძის "ნავიგატორის" პრემიერა გაიმართა, რომელიც ოდნავ შეცვლილი სახელით წარსდგა - "სიყვარულის ნავიგატორი" ამერიკელმა რეჟისორმა ადამ ნაითმა დადგა, რომელმაც ფესტივალის ინიციატორთან, რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძესთან ბორის აკუნინის "ჰამლეტზე" იმუშავა. სპექტაკლის პრემიერა გაზაფხულზე ბროდვეიზე შედგა.

რამდენად საინტერესო იყო ამერიკელი რეჟისორისთვის ქართულ პიესაზე მუშაობა. ადამი ამბობს, რომ ქართული კულტურის წარმოსაჩენად და უკეთ გასაცნობად ეს ფესტივალი მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს.

ადამ ნაითი: აქ ქართული დიასპორა საკმაოდ დიდია. ქართული კულტურა ხშირად არ არის წარმოჩენილი ამერიკაში და ბევრს არ აქვს ნანახი. ბევრი ამერიკელი რომელსაც ესმის სიტყვა საქართველო ჰგონიათ, რომ ეს არის ატლანტა ან რუსეთი. მთელი პოსტ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს ერთ რუსეთთან აიგივებენ, არ იციან რა განსხვავება და კულტურულად საინტერესო რეგიონები არსებობს მსოფლიოში. ეს ფესტივალი არის არაჩვეულებრივი საშუალება ამერიკელი აუდიტორია დააინტერესო ქართული კულტურით, ლიტერატურით, სამზარეულოთი. ლაშას პიესა ფანტასტიურია, თან ძალიან ქართული თან ძალიან უნივერსალური. ხელისუფლება, პოლიტიკური, სექსუალური მოტივები ძალიან ახლოა ამერიკული აუდიტორიისთვის. მე მგონი რომ ბევრისთვის ნაცნობია სპექტაკლის მთავარი იდეა, ადამიანურ ურთერთობებს შორის გაჩენილი დისტანციის იდეა, რადგან ტექნოლოგიამ და ნავიგაციამ ჩაანაცვლა ძველი ადამიანური კავშირები.

მარშა დაკიჯი: მე კლარას როლში ვარ, როსტომი, ემზარი, ოთარი, აკრბა, ჯაყელი და ნავიგატორი, სულ შვიდი მსახიობი ვართ.

ნიუ-იორკელი მსახიობი სერბეთიდან მარშა დაკიჯი არ თვლის, რომ "სიყვარულის ნავიგატორი" კონკრეტულად ქართულ იდეას გადმოსცემს, მე ვფიქრობ, რომ ის საერთაშორისოა, ერთნაირად შესახები ჩემთვის, სერბი მსახიობისთვის და ვიღაც სხვა, ნიუ-იორკელისთვის.

ირინა გაჩეჩილაძეს ფესტივალის გამართვის იდეა ორი წლის გაუჩნდა. პროექტზე მუშაობას და ორგანიზაციულ საკითხებს ერთი წელი მოანდომა. ფესტივალის ფარგლებში ამერიკელ და ქართველ მაყურებელს შეეძლება ნახოს ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“ , თამარ ბართაიას „სათამაშო იარაღი.“ გაიმართება შვიდი მონო-სპექტაკლი, დათა თავაძის „დედა ომი,“ რეზო კლდიაშვილის „პილონი“, ნესტან კვინიკაძის „მეგობრები“, გურამ ბათიაშვილის „არწივის ფრთებზე“, ბასა ჯანიკაშვილის „დიქტატურა“, დათო ტურაშვილის „რკინის ფარდა“ და ნინო ხარატიშვილის „ლივშტაინი.“

ირინა გაჩეჩილაძე: დავპატიჟე ნიუ-იორკის თეატრები, ასვე ვაშინგტონის, ჩიკაგოს. ზოგმა მიპასუხა. მინდა რომ მოვიდნენ მოისმინონ, დაინტერესდნენ, მერე ეგებ თავიანთ თეატრებში დადგან, მთელი იდეა არის ის რომ გავაცნო ქართული დრამატურგია ამერიკას. კარგი რეჟისორიები არიან. სპეციალურად მომყავს რეჟისორები სხვადასხვა თეატრებიდან, რომ ერთიდაიგივე გუნდი არ იყოს. ჩემი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ქართული პიესების შესახებ.

ბეკი ბოუმვოლი"Broken box mime theater", მიმიკების თეატრის რეჟისორია. თამარ ბართაიას პიესაში, "სათამაშო იარაღი", ბეკისთვის ძალიან საიტერესო სამუშაო იყო. მინიმალისტური დიალოგები და მეტი დატვირთვა სხეულის ენას - რეჟისორი საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება. პრემიერა მომავალ კვირას გაიმართება.

ბეკი ბოუმვოლი: აქ არ ხდება ბევრი ამბავი, არ არის ბევრი დიალოგი. ქალს და მამაკაცს შორის ურთიერთობა იწყება იმ დროს როდესაც არ არსებობდა მობილური კავშირი. კონტაქტს წერილებით ამყარებდნენ . ამიტომ მაშინვე წარმომიდგა თვალწინ კონვერტი საიდანაც იყრება ქვიშა, რადგან მოქმედება პიცუნდის სანაპიროზეც ხდება. ჩვენ არ ვართ ქართველები და გადავწვიტეთ პიესა ჩვენი ინტერპრეტაციით გადმოგვეცა, ვინაიდან მიმიკების თეატრის რეჟისორი ვარ, ამ სპექტაკლში სხეულის ენა და მიმიკა გადმოსცემს სათქმელს.

სამწუხაროდ, ქართველი ავტორები ამერიკელი რეჟისორების ხედვით დადგმულ საკუთარი პიესების პრემიერებს არ ესწრებიან. ირინა გაჩეჩილაძე წუხს, რომ მოწვევის მიუხედავად რამდენიმე მათგანს ამერიკის საელჩომ ვიზა არ მისცა. თუმცა მას იმედი აქვს, რომ ფესტივალის დასრულებამდე სიტუაცია შეიცვლება და საკუთარ წარმატებებს ქართველი მწერლები ნიუ-იორკში აღნიშნავენ.