"ანჩისხატმა" ქართული საგალობლები ნიუ-იორკში შეასრულა

"ანჩისხატი" ნიუ-იორკში

"ანჩისხატის" მომღერლებმა შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში სამ-კვირიანი ტურნე გამართეს. ქართული საგალობლების თემაზე ლექციები და კონცერტები იეილის უნივერსიტეტიდან დაიწყო. მომღერალთა ჯგუფი ამერიკაში პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ გრემმა ჩამოიყვანა, რომელიც საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში 6 წელი ეუფლებოდა ქართულ მართლმადიდებლურ კულტურას. ანჩისხატის მომღერალთა გუნდმა ბოლო კონცერტი ნიუ-იორკში ანსამბლ "ზეკართან" და " სუფრულთან" ერთად გამართა.

ბრუკლინის " Actors Fund Center" დარბაზში ქართული საგალობლები და ხალხური მუსიკა პირველად მოისმინეს.

ანჩისხატის მომღერალთა ჯგუფი შეერთებულ შტატებში 11-წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკელი პროფესორის ჯონ გრემის მოწვევით იმყოფებოდა. იეილის უნივერსიტეტის, საეკლესიო მუსიკის სასწავლო ცენტრის სიმპოზიუმზე დასასწრებად ჯონ გრემს საუკეთესო ქართველ მგალობელთა გუნდის ჩამოყვანა სთხოვეს. ჯონ გრემი ქართულ კულტურას კარგად იცნობს. ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში სწავლობდა და ქართული მუსიკის და ქართული საეკლესიო საგალობლების ისტორიის და თეორიის სპეციალისტია.

ჯონ გრემი: "ანჩიხატის" გუნდი - ტრადიციული სამხმიანი გალობაა. საგალობლების მრავალხმიანი შესრულების გამო გადავწყვიტე ეს გუნდი ჩამომეყვანა. თავიდან მეც ვმღეროდი და ვგალობდი და იქიდან გავიცანი რეპერტუარი. თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტში ვსწავლობდი. სწორედ იქ მივიღე ცოდნა საეკლესიო საგალობლების და ექვთიმე კერესელიძის, ფილიმონ ქორიძის და ვასილ კარბელაშვილის სანოტო წყაროების შესახებ.

ჯონ გრემის დახმარებით "ანჩისხატის" მომღერალთა გუნდმა ამერიკის სხვადახვა შტატებში ლექცია-კონცერტები გამართა.

იყვნენ ილინოისში, ჩიკაგოში, ვაშინგტონში, ნიუ-ჰეივენში იეილის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, შეხვედრა ჰქონდათ ბოსტონის უნივერსიტეტშიც. ტურნეს ბოლო დღეს კონცერტი ბრუკლინში ასევე ჯონ გრემის ინიციატივით ორ სხვა ხალხური სიმღერის ანსამბლთან, "ზეკართან" და "სუფრულთან" ერთად ჩატარდა.

ანჩისხატის მომღერალი დავით შუღლიაშვილი გვესაუბრება:

დავით შუღლიაშვილი: ჩვენ, ვისთანაც გვქონდა ურთიერთობა ეს იყო ხალხი, ვინც საქართევლოში არის ნამყოფი და ბევრს უყვარს ქართული სიმღერა და სწავლობენ მას. ასეთი უკვე ბევრი მგეობარი გვყავს ამერიკაში. ზოგმა პირველად მოისმინა გალობაც და სიმღერაც. მაგალითად იეილის უნივერისტეტში მუსიკალური ნაწილის დირექტორი ვინც არის ვერ მალავდა თავის აღტაცებას.

"ზეკარის" დამაარსებელი, დავით ჭკუასელი ამბობს რომ, ამერიკულ სცენაზე სამი სხვადასხვა ქართული ხალხური სიმღერების გუნდი ერთად პირველად გამოვიდა.

დავით ჭკუასელი: ნოვატორული იყო იქაური, ქართული ლეგენდარული ანსამბლი და სხვადახვა წარმომავლობის ემიგრანტების ანსაბლის ერთად წარდგენა. ძალიან ინტიმური გარემო იყო და ხალხი მონატრებული იყო ასეთ საღამოებს და ძალიან კარგად ჩაიარა.

"ზეკარი" ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ვიქტორ სირელსონმა და მომღერალმა დავით ჭკუასელმა 20 წლის წინ დაარსეს, ხოლო " სუფრული" ჯერ მხოლოდ რვა წლისაა და ისიც ამერიკელმა კარლ ლინიქმა ჩამოაყალიბა, სადაც ძირითადად ამერიკელები არიან. ჯონ გრემს, ვიქტორ სირელსონს და კარლ ლინიქს ქართული კულტურისადმი ინტერესი მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა ცხოვრება ქართველ ქალს დაუკავშირეს.

კარლ ლინიქი: კარგი კონცერტი გამოვიდა ჩემი აზრით, ჩემი ანსამბლის წევრები კმაყოფილები არიან. უკევ მერვე წელია ქართულ ხალხურ სიმღერებს ვმღერით. წევრები აქაურები არიან, კვირაში ერთხელ ვიკრიბებით, ტექსტებს ვაძლევ მხოლოდ, ნოტებს - არა. სმენით სწავლობენ სიმღერას. რეპერტუარს ხშირად ვცვლი, რადგან მინდა, რომ მრავალფეროვანი იყოს. თვენახევრის წინ კონცერტიც გვქონდა.

შეერთებულ შტატებში ქართული საგალობლების კულტურა და ხალხური სიმღერის ტრადიციები ამერიკელებს მგალობელთა გუნდ "ანჩისხატიდან" დავით ზათიაშვილმა, ზაალ წერეთელმა, ლევან ვეშაპიძემ და დავით შუღლიაშვილმა გააცნეს.

ქართული ხალხური სიმღერის კონცერტი ყველა მომღერალმა სცენაზე ერთად, მრავალჟამიერით დაასრულა.