კომპანია "ასტრაზენეკას" ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა იდეალური არ არის, მაგრამ პანდემიის დასრულებაზე უდიდეს გავლენას მოახდენს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინის მარაგები გაორმაგდება და აპრილის თვეში 200 მილიონზე მეტი დოზა იქნება ხელმისაწვდომი.
ვაქცინას, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს და ორ ინექციას მოიცავს, უკვე უწოდებენ "ვაქცინას მსოფლიოსთვის". ასე მას იმის გამო აფასებენ, რომ უფრო იაფი ღირს და შენახვის გაადვილებული მოთხოვნის გამო, მისი დისტრიბუცია სხვა, დასავლეთში უკვე დამტკიცებულ ვაქცინებზე იოლია.
ასევე ნახეთ: "ასტრაზენეკას" ვაქცინა მოხუცებისთვის რეკომენდებული არ არის - ამბობს ევროპის 5 ქვეყანა
თუმცა, ევროპის ქვეყნებსა და სხვაგან მისი სწრაფი დამტკიცება, ეფექტური დოზირებისა და ინექციებს შორის ინტერვალის თაობაზე გაჩენილმა კითხვებმა დაჩრდილა. გასულ უქმეებზე გამოქვეყნებულმა მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ ის ნაკლებ ეფექტურია ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგაც. კომპანიასა და ევროკავშირს შორის კი მიწოდების დაგვიანების შესახებაც გაჩნდა უთანხმოება.
"არის ის იდეალური? არა, არ არის, მაგრამ ის დიდებულია. ვინ აკეთებს სხვა თებერვლის თვეში 100 მილიონ დოზას? - განაცხადა პასკალ სორიომ ვაქცინის შესახებ ონლაინ გამართული პრესკონფერენციისას. "ჩვენ ათასობით სიცოცხლეს გადავარჩენთ, სწორედ ამისთვის ვმუშაობთ ყოველდღე".
"ასტრაზენეკა" მნიშვნელოვან მონაცემებს ელოდება ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევიდანაც, რომელიც მარტში უნდა დასრულდეს. თუმცა, კომპანია დარწმუნებულია, რომ კვლევა დაადასტურებს შედარებით კარგ დაცვს ინფიცირების მწვავე შემთხვევებზე და გარდაცვალების ნაკლები შანსს მათ შორის, ვისაც ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი აქვს.