ამ წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, ნორვეგიელ ავტორ ჯონ ფოსს გადაეცა.
შვედეთის აკადემიამ ხაზი გაუსვა ფოსის „ინოვაციურ პიესებს და პროზას, რომელმაც -როგორც აკადემიამ თქვა - „უთქმელს ხმა მისცა“.
„ნორვეგიულ ნინორსკის ენაზე შექმნილი მისი უზარმაზარი შემოქმედება და მრავალმხრივი ჟანრები შეიცავს უამრავ პიესას, ნოველას, პოეტურ კრებულს, ნარკვევს, საბავშვო წიგნს და თარგმანს“, განაცხადა აკადემიამ.
ნობელის პრემიების გამოცხადება ორშაბათს, მედიცინის დარგში პრემიით დაიწყო, რომელიც უნგრელ კატალინ კარიკოს და ამერიკელ დრიუ ვაისმანს გადაეცა ერთობლივი კვლევისთვის, რომელიც „კოვიდ“ ვაქცინების სწრაფი შემუშავების საფუძველი გახდა.
ასევე ნახეთ: ნობელის პრემია აუქციონზე გაიყიდასამშაბათს, ფიზიკის დარგში ნობელის პრემია პიერ აგოსტინის, ფერენც კრაუსს და ენ ლეჰუილიერს მათი ინდივიდუალური ნაშრომებისთვის გადაეცა, რომლებმაც შესაძლებელი გახადა შექმნილიყო „სინათლის უკიდურესად მოკლე პულსები, რომელიც გამოიყენება იმ სწრაფი პროცესების გასაზომად, რომლებშიც ელექტრონები მოძრაობენ ან ენერგიას ცვლიან“.
ოთხშაბათს, მუნგი ბავენდი, ლუის ბრუსი და ალექსეი ეკიმოვი, ნანოტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში მათი ნაშრომებისთვის, ნობელის ქიმიის დარგში პრემიის ლაურეატები გახდნენ.
ნობელის მშვიდობის პრემიის შესახებ განცხადებას პარასკევს გააკეთებენ, რასაც ორშაბათს, ეკონომიკური მეცნიერების დარგში პრემიის გამოცხადება მოჰყვება.
ეკონომიკის გარდა ყველა კატეგორია, მე-19 საუკუნის შვედი ბიზნესმენის, ალფრედ ნობელის ანდერძის საფუძველზე დაარსდა. ნობელი დინამიტის გამოგონებით გამდიდრდა.
ნობელის პირველი პრემიები 1901 წელს, მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ გაიცა.
ეკონომიკის დარგში პრემია 1968 წელს, შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა ნობელის ხსოვნის პატივსაცემად დააწესა. მისი პირველი ლაურეატები ნორვეგიელი რეგნარ ფრიში და ჰოლანდიელი იან ტინბერგენი იყვნენ.