ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი ნორვეგიელი ანდერს ბერინგ ბრეივიკის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი სავარაუდოდ ფსიქიურად დაავადებულია.
ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა -გეირ ლიპესტადმა- განაცხადა, რომ ბრეივიკმა არაფერი იცის დაღუპულთა რაოდენობის და ტერორისტული აქტის გამო შექმნილი საზოგადოებრივი აზრის შესახებ.
ბრეივიკმა უკვე აღიარა მთავრობის სასახლის აფეთქებაში და ახალგაზრდული ბანაკის დაცხრილვაში მონაწილეობის მიღება. თუმცა, ის ტერორისტულ აქტში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მისი მიზანი ევროპის მუსლიმანური კოლონიზაციისგან დაცვა იყო. ბრეივიკის თქმით ის ანტი-ისლამური ქსელის წევრია, რომელსაც 2 ფილიალი აქვს ნორვეგიაში და რამდენიმე მის ფარგლებს გარეთ. ექსპერტებს ამ უკანასკნელი ჩვენების რეალობაში ეჭვი ეპარებათ.