ჩრდილოეთ კორეა ამერიკის პრეზიდენტის მკაცრ განცხადებას პასუხობს.
გენერალი კიმ რაკ გიომი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს ხელმძღვანელობს, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას დონალდ ტრამპს „შეშლილი“ უწოდა და თქვა, რომ მასთან „დიალოგი შეუძლებელია, მასზე მხოლოდ ძალის აბსოლუტური გამოყენება იმოქმედებს.“
ამერიკის პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ თუკი ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს ატომური იარაღით მუქარას, ის პასუხად მიიღებს ისეთ „ცეცხლსა და მძვინვარებას, როგორიც აქამდე არავის უნახავს“.
გენერალმა სახელმწიფო მედიასაშუალებას ასევე უთხრა, რომ სამხედრო ლიდერები აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე მზად იქნებიან საშუალო რადიუსის - Hwasong-12 ის სახელით ცნობილი ბირთვული რაკეტების გასაშვებად წყნარ ოკეანეში მდებარე ამერიკის ტერიტორიის - გუამის მისამართით. კუნძულ გუამ-ზე ამერიკის საჰაერო და საზღვაო ძალების ნაწილებიაგანლაგებული.
ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა კი განაცხადა, რომ თუკი ჩრდილოეთ კორეა ატომური იარაღის განვითარებაზე მუშაობას არ შეწყვეტს, ეს მის მიერ საკუთარი თავის განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯები იქნება.