კადიროვი პრეზიდენტობაზე უარს ამბობს

ძალადობა, ტერაქტები, ეკონომიკური სიდუხჭირე და კორუფცია ჩრდილოეთ კავკასიას არაფერს მოუტანს.

რამზან კადიროვმა გადაწყვიტა უარი თქვას ჩეჩნეთის პრეზიდენტობაზე. ამ ამბავმა რუსული მედიასივრცე საგონებელში ჩააგდო. ანალიტიკოსების აზრით, ჩრდილო კავკასია მოსკოვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ისინი თვლიან, რომ სიტუაცია მომავალში უფრო დაიძაბება.

ძალადობა, ტერაქტები, ეკონომიკური სიდუხჭირე და კორუფცია რეგიონს კარგს არაფერს მოუტანს.

რუსეთის ისლამის კომიტეტის თავმჯდომარე გეიდარ ჯემალი მოსკოვის პოლიტიკისადმი უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს. იგი თვლის, რომ კადიროვის იმამად გახდომის შემთხვევაში რუსეთის გავლენა კავკასიაში შემცირდება.

“როგორც იქნა, ჩვენი საზოგადოება მიხვდა, რომ კრემლის დიქტატურა რეგიონს კარგს არაფერს მოუტანს. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა რომ თავის წინააღმდეგ აემხედრებინა მთელი კავკასია.

ვფიქრობ, კადიროვის პრეზიდენტობაზე უარის თქმა და იმამად დანიშვნის სურვილი კრემლისთვის სერიოზული ნიშანია. საქმე იმიშია, რომ რუსეთის კონსტიტუციის თანახმად იმამის გადაყენება შეუძლებელია. კადიროვის იმამად გახდომის შემთხვევაში მოსკოვის ლეგიტიმურობას კავკასიაში ბოლო მოეღება“.

სვეტლანა განუშკინა იმ მცირე სამართალდამცველთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც მედვედევი მრგვალ მაგიდასთან იწვევს და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრება.

“სამწუხაროდ, ჩრდილო-კავკასიაში სტაბილურობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ვითარება დღითი-დღე უარესდება, კატასტროფული სიტუაციაა დაღესტანში და ინგუშეთში, ჩეჩნეთზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. კადიროვის წარმოდგენა ადამიანის უფლებებზე საერთოდ არ შეესაბამება არსებულ რეალობას. თუ სასწრაფოდ არ იქნა მიღებული კარდინალური ზომები, ვგულისხმობ ელემენტარულ დიალოგს იქ არსებულ ალტერნატიულ ძალებთან, ვშიშობ სიტუაცია შეიძლება უფრო გამწვავდეს. არ გამოვრიცხავ ომსაც“.

ალექსეი მალაშენკო მოსკოვის კარნეგი ცენტრის წამყვანი ექსპერტია. მისი აზრით, დიმიტრი მედვედევმა ჩრდილო-კავკასიური ოლქის შექმნით სიტუაციას ვერ უშველა.

“ დიახ, რეგიონში ნამდვილად რთული ვითარებაა. მედვედევის მოდერნიზაციამ კავკასიამდე არ მიაღწია. ეკონომიკური განვითარების საკითხი ისევ გადაუწყვეტელი რჩება. უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. მერწმუნეთ, ჩვენი პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილმა ჩრდილო-კავკასიის ფედერალურმა ოლქმა თავის ფუნქციას თავი ვერ გაართვა“.

დამოუკიდებელი პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი კავკასიაში შექმნილ მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ხედავს.

“მშვიდობა კავკასიაში მითია. იქ რაც ხდება არანაირ კონსტიტუციურ ჩარჩოში არ ჯდება. სიტუაციას ბოევიკები აკონტროლებენ. კრემლი, სამწუხაროდ ვერაფერს სთავაზობს ჩრდილოეთ კავკასიას. ამ ფეთქებად ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის ჯიჰადი რეალური გამოსავალია. არ მჯერა მოსკოვის ზღაპრების, თითქოს სიტუაციის მართვა შეუძლია. მდგომარეობა ამის საპირისპიროა."“.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ არასტაბილური ჩრდილო კავკასია არასტაბილურ რუსეთს ნიშნავს. მათი აზრით, სანამ მოსკოვი სტრატეგიას არ შეცვლის, წინააღმდეგობის კერები რეგიონში არ შემცირდება.