ამერიკელი და ჩრდილოეთ კორეელი დიპლომატები სამიტისთვის ემზადებიან

შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნები გუშინ ერთმანეთს შეხვდნენ და ლიდერების - დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ უნის შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრეს.

პრეზიდნეტმა ტრამპმა ხუთშაბათს ჯერ გააუქმა ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა, შემდეგ კი განაცხადა, რომ 12 ივნისს სინგაპურში სამიტი შესაძლოა გეგმის მიხედვით ჩატარდეს.

„მე მჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია იყოს ძლიერი ეკონომიკური და ფინანსური სახელმწიფო. ამაზე კიმ ჩენ უნი და მე ვთანხმდებით,“ დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს სათავეში ამერიკის ელჩი ფილიპინებში სუნგ კიმი უდგას. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ უნი შეხვედრისთვის მზადაა.