სამხრეთ კორეის სამთავრობო კვლევითი სააგენტოს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ახალმა ლიდერმა წელს შესაძლოა მესამე ბირთვული გამოცდის ან გრძელი რადიუსის რაკეტის გაშვების ბრძანება გასცეს. ანალიტიკური მოხსენება დღეს საგარეო საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად ჩრდილოეთ კორეის ახალი ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხედრო ნაბიჯებს გადადგამს, რათა მოსახლეობის თვალში სამხედრო ლიდერის იმიჯი გააძლიეროს. ამასთანავე, კიმ ჩენ ინი საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას შეეცდება. მოხსენების თანახმად, გამოცდა ან 2012 წლის ბოლოს ან 2013 წლის დასაწყისში ჩატარდება, როდესაც სამხრეთ კორეაშიც და შეერთებულ შტატებშიც საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.