მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება „ღირსეულ პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში, პირველები, საქართველოს დედაქალაქში, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების, მეორე კავალერიის პოლკის მეოთხე ბატალიონის (4th Squadron, 2d Cavalry Regiment) ჯარისკაცები ჩამოვიდნენ. ამერიკული სამხედრო კონტიგეტი თბილისში ამერიკულმა სატვირთო ავიაკომპანია Atlas Air-მა ჩამოიყვანა.
წელს, „ღირსეულ პარტნიორში“ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მხოლოდ ხუთი ქვეყნის: საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და პოლონეთის 2700 მეომარი ჩაერთვება. სწავლება ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება, ვაზიანის და ნორიოს ბაზებს მოიცავს და 18 სექტემბრამდე გასტანს.
მრავალეროვნული წვრთნის სცენარი ითვალისწინებს როგორც სამეთაურო-საშტაბო და საველე, ისე საბრძოლო სროლებით თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს. საქართველოს მხრიდან სწავლებას პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე უხელმძღვანელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე ამბობს:
"წვრთნების მთავარი მიზანია: საქართველოს, აშშ-ს და ჩვენი ნატოელი პარტნიორების მზადყოფნის და ურთიერთთავსებადობის ამაღლება. ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნება და მხარდაჭერაირაკლი ჭიჭინაძე, ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე
„სწავლება ტრადიციულად არის სტრატეგიული ხასიათის, თავდაცვით ოპერაციებზე ორიენტირებული და მისი მთავარი მიზანია: საქართველოს, აშშ-ს და ჩვენი ნატოელი პარტნიორების მზადყოფნის და ურთიერთთავსებადობის ამაღლება. ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნება და მხარდაჭერა“ - აღნიშნა გენერალმა ჭიჭინაძემ.
სწავლების ოფიციალურ გახსნამდე, 1 სექტემბერს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, ამერიკული C-130 „ჰერკულესიდან“, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის მიერ ტრადიციული დესანტირების ოპერაცია შესრულდება.
სამხედრო სწავლება „ღირსეულ პარტნიორი“ საქართველოში 2015 წლიდან იმართება, თავიდან წრთნები ქართულ-ამერიკული იყო, 2016 წლიდან კი გაფართოვდა და საბოლოოდ, ყოველწლიურ მრავალეროვნულ სამხედრო წრთნად გადაიქცა.