2013 წლის პირველი ნობელიანტები

ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწე სამ მეცნიერს ნობელის პრემია უჯრედებში ტრანსპორტირების სისტემის ორგანიზაციის აღმოჩენისთვის გადაეცემა

Your browser doesn’t support HTML5

რუბრიკა "გალილეო"


რუბრიკა „გალილეო“ დღეს ნობელის პრემიის პირველ ლაურიატებს და მათ აღმოჩენებს გაგაცნობთ. ნობელის პრემიის ლაურიატების გამოცხადება ფსიქოლოგიაში ან მედიცინის სფეროში მიღწევებით იწყება. 7 ოქტომბერს სტოკჰოლმში ორი ამერიკელი და ერთი გერმანელი მკვლევარის სახელი გახდა ცნობილი, რომელთაც პრესტიჟული პრემია გადაეცემა. სამივე მეცნიერი შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში მუშაობს.

ამერიკელი ჯეიმს როტმანი იელის უნივერსიტეტის უჯრედის ბიოლოგიის კათედრის გამგეა. გერმანელი მეცნიერი ტომას სანდოფი კალიფორნიაში მდებარე ბერკლის უნივერსიტეტის მოლეკულური და უჯრედის ბიოლოგიის კათედრის პროფესორია. რენდი შეკმანი ამერიკელი პროფესორია, რომელიც კვლევებს სტენფორდის უნივერსიტეტში ატარებს. ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით, პრემია მათ უჯრედის სატრანსპორტო სისტემის ორგანიზაციის შესწავლისთვის გადაეცემა.

თქვენი ორგანიზმის თითოეული უჯრედი წარმოიდგინეთ, როგორც ერთი პატარა ქალაქი, ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის უჯრედის ბიოლოგიის პროფესორი ტიმ კირკჰაუზენი.

„ამა თუ იმ ფუნქციის შესასრულებლად ხალხი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდება. შემდეგ კიდევ სხვაგან მიდიან. ამისთვის ისინი ასე ვთქვათ, ერთგვარ კონტეინერებს, ტრანსპორტს იყენებენ: მოტოციკლეტს, ავტობუსს, მატარებელს“.

მეცნიერს ეს ანალოგია იმისთვის მოჰყავს, რომ აგვიხსნს, რომ ადამიანები, ანუ ორგანიზმისთვის უჯრედები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ცილებს შეიცავენ, მთელ ორგანიზმში ინფორმაციის გადამტანები არიან. თუკი სატრანსპორტო სისტემა მოიშლება, იმ ადგილამდე ვერ მივლენ, სადაც აუცილებლად საჭიროა მათი მისვლა. შედეგად ვიღებთ დაავადებებს, დაწყებული დიაბეტით, ნერვული სისტემის დეგენერაციით დამთავრებული. ის, თუ როგორ მოქმედებს მოლეკულურ დონეზე სატრანსპორტო სისტემა ჩვენს ორგანიზმში, იყო იმ სამი მეცნიერის კვლევების მთავარი თემა, რომელთაც ნობელის პრემია მიენიჭებათ - განმარტავს ტიმ კირკჰაუზენი.

იუტას უნივერსიტეტის ნევროლოგი, ერიკ ჯორჯენსენი ამბობს, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის ამ პროცესს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და ევოლუციას მასში ცვლილებები დიდად არ შეუტანია. რენდი შეკმანი იყო პირველი, რომელმაც აღმოაჩინა ის სისტემა, რომლის საშუალებითაც ცილებს ინფორმაცია მოლეკულურ დონეზე გადააქვთ. თუმცა, ეს, მეცნიერის თქმით, მხოლოდ დასაწყისი იყო. როტმანმა დამატებითი აღმოჩენები გააკეთა.

„შეკმანის აღმოჩენით, ჩვენ ერთგვარად, მოთამაშეთა სია მოგვეცა. როტმანმა დაგვანახა, თუ რომელი რომელთან შედის ურთიერთობაში“ - აღნიშნავს ერიკ ჯორჯენსენი.

როტმანმა აღმოაჩინა ის, თუ როგორ მიჰყავს უჯრედის ავტობუსს მგზავრები სწორ გაჩერებაზე. რაც შეეხება მესამე გამარჯვებულს, წარმოშობით გერმანელმა ტომას სანდოფმაც იმავე სფეროში გააკეთა აღმოჩენა. მან დაადგინა, თუ როგორ ჩამოსვამს უჯრედი მგზავრებს გაჩერებაზე სწრაფად და ზუსტად იმ სიგნალზე საპასუხოდ, რომელიც საჭიროა.

პრესკონფერენციაზე როტმანმა განაცხადა, რომ მას ძალიან გაუმართლა, რადგან მაშინ ახალგაზრდა მეცნიერებს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ რისკი გაეწიათ და თავის იდეას ბოლომდე მიყოლოდნენ. თუმცა, მისი თქმით, დრო შეიცვალა.

„მინდა ვიფიქრო, რომ მსგავსი მხარდაჭერა დღესაც არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ბევრად ნაკლებია. სულ მცირე, ეროვნული პრობლემა ხდება, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო მნიშვნელობაზე“ - აღნიშნავს 2013 წლის ნობელიანტი მედიცინის დარგში.

როტმანი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში ბოლო წლებში სამეცნიერო კვლევების რაოდენობა შემცირდა, რაც ამერიკის წამყვან როლს მეცნიერებაში და ტექნოლოგიაში საფრთხეს უქმნის.