ნობელის პრემიიერ 30-მდე ლაურეატი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ასობით პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, 2022 წლის ნობელიანტი, ვეტერანი უფლებადამცველი ალეს ბიალიაცკი.
წერილში, რომელსაც ხელს ნობელის 27 ლაურეატი აწერს, მათ შორის ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსეევიჩი და რუსი ჟურნალისტი დმიტრი მურატოვი, ვკითხულობთ, რომ ბელარუსის 50 000-ზე მეტი მოქალაქე "პოლიტიკური რეპრესიების" მსხვერპლია მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ პრეზიდენტობა კიდევ ერთი ვადით გაიხანგრძლივა. დასავლელი ლიდერები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არჩევნებს გაყალბებულად და უსამართლოდ მიიჩნევენ. ასობით ათასი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცეულია, უფებადამცველი ორგანიზაციების ცნობით კი, ათასობით მოქალაქეს საპატიმროებში აწამებენ.
ასევე ნახეთ: აქტივისტებმა ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან, ნობელის პრემია მიიღესმათ შორის არიან ჟურნალისტები, პროფესორები, განმანათლებლები, ექიმები, მუსიკოსები, მუშები, სტუდენტები, საჯარო პირები, უფლებადამცველები, მათ შორის, ნობელიანტი ალეს ბიალიაცკი.
20 მარტს გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპა არ გამხდარა პოლიტიკურ რეპრესიებთან დაკავშირებული ისეთი ჰუმანიტარული კატასტროფის მოწმე, როგორი ვითარებაც ბელარუსში შეიქმნა, მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით. ნობელიანტების თქმით, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით კი პოლონეთმა, ყველა ზომა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ ბელარუსზე წნეხი განახორციელონ და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მიაღწიონ.
უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, 21 მარტისთვის, ქვეყანაში პოლიტიკურ პატიმრად 1 411 პატიმარია მიჩნეული. თუმცა, მათივე თქმით, ბელარუსში ბევრად მეტი ადამიანია დაკავებული პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით.