ორ ამერიკელ მეცნიერს, რომლებიც მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მუშაობენ, ნობელის პრემია გადაეცემა. შვედეთის ნობელის კომიტეტმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა.
გამარჯვებულები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში, ვიქტორ ამბროსი და გარი რავკანი არიან. მათ ნობელის პრემია მიკრო რიბონუკლეინმჟავის (რნმ) აღმოჩენისთვის მიენიჭათ. ეს ერთგვარი გენეტიკური მასალაა, რომელიც გავლენას ბევრი გენის მუშაობაზე მოლეკულურ დონეზე ახდენს. ვიქტორ ამბროსი ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობდა, როცა აღნიშნული აღმოჩენა გააკეთა.
ასევე ნახეთ: იაპონიაში კიბოს უჯრედების 4-ჯერ უფრო ეფექტურად განადგურების მეთოდს მიაგნესამერიკელი მეცნიერების აღმოჩენა საფუძველს უყრის კიბოსთან და უამრავ სხვა დაავადებასთან ბრძოლაში მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნას. ნობელის კომიტეტის განცხადებით, მათი აღმოჩენა "ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია" ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირების პროცესის გაგებისთვის.
ნობელის პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო, რომლის რაოდენობა მილიონი დოლარითაა განსაზღვრული. გამარჯვებულებს პრიზს 10 დეკემბერს, საზეიმო ცერემონიაზე გადასცემენ. პრემია მისი დამფუძნებლის, შვედი გამომგონებლის, ალფრედ ნობელის სახელს ატარებს და სამეცნიერო, ეკონომიკის და ლიტერატურის სფეროებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.
ტრადიციულად, ნობელის პრემიის ლაურეატთა გამოცხადება ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გამარჯვებულით იწყება. ხვალ, 8 ოქტომბერს გამოცხადება ფიზიკის დარგში გამარჯვებული, 9 ოქტომბერს - ქიმიაში, 10 ოქტომბერს - ლიტერატურაში, 11 ოქტომბერს - მშვიდობის დარგში და ბოლოს, 14 ოქტომბერს - ეკონომიკაში.