ხუთშაბათს ამერიკელები ელოდნენ, რომ რამდენიმე შტატში ხმების დათვლის განახლებული მაჩვენებლები ნათელს გახდიდა, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ვინ გაიმარჯვა. ორ მწვავედ კონკურენტულ შტატში გამარჯვებიდან მეორე დღეს, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამარჯვებას მიუახლოვდა, პრეზიდენტ ტრამპის კამპანიამ კი სამართლებრივი დავების სერია დაიწყო.
ასევე ნახეთ: ტრამპი ხმის მიცემის პროცესზე: "ეს ამერიკელი ხალხის მოტყუებაა"
შეერთებული შტატების მედია ორგანიზაციებს ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ პროგნოზი, თუ ექვს შტატში, ალასკაში, არიზონაში, ჯორჯიაში, ნევადაში, ჩრდილოეთ კაროლინაში და პენსილვანიაში გამარჯვებული ვინ იქნება.
ოთხშაბათის პროგნოზებით, მიჩიგანში და ვისკონსინში ბაიდენმა უნდა გაიმარჯვოს. 2016 წლის არჩევნებში, ამ შტატებში ტრამპმა გაიმარჯვა.
ასევე ნახეთ: შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ასარჩევად ხმების დათვლა გრძელდება
ოთხშაბათს ბაიდენმა განაცხადა: “ახლა არ ვაპირებ გამოცხადებას, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ როდესაც დათვლა დასრულდება, ჩვენ გვჯერა, რომ გამარჯვებული ვიქნებით.”
ბაიდენს შეეძლება საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა მოიპოვოს, თუ არიზონაში და ნევადაში უპირატესობას შეინარჩუნებს.