ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს მომავალში არ იქნება - გაერო

მარტინ გრიფიტსი (ცენტრში), გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, უკრაინაში ვიზიტის დროს.

მარტინ გრიფიტსი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, ამბობს, რომ უკრაინას და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თუმცა, ის იმედს არ კარგავს, რომ ეს რამდენიმე კვირაში მაინც გახდება შესაძლებელი. გრიფიტსმა განცხადება ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე გაეროს ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ის მისიით რუსეთში და უკრაინაში იმყოფებოდა.

გრიფიტსის თქმით, შეუძლებელია ამ ეტაპზე ზუსტი მონაცემების ცოდნა, თუ რამდენი ადამიანი გავიდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან და რამდენი რჩება იქ. შესაბამისად, ჰუმანიტარული საჭიროების განსაზღვრაც რთულია.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში აღნიშნავს, რომ მხარეები მშვიდობიანი დერეფნების შექმნაზე აქამდე ვერ თანხმდებიან და ბრალს გამუდმებით ერთმანეთს უყენებენ, იმის მიუხედავად, რომ ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ ყოველდღიურად მუშაობს ამაზე და მათთან შეთანხმებას ცდილობს.

„როცა ბრძოლები დასრულდება და როცა შევძლებთ დარჩენილი ხალხის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას, მგონია, რომ მარიუპოლი შოკისმომგვრელი ქალაქი იქნება“ - ამბობს ის.

გრიფიტსი ფიქრობს, რომ თურქეთის ძლიერი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთს და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს მომავალში, სულ ცოტა რამდენიმე კვირა, არ შედგება. თუმცა, ის ოპტიმიზმს მაინც ინარჩუნებს, რადგან მისი თქმით, სიტუაცია ბოლომდე უიმედო არ არის და შესაძლოა რამდენიმე კვირაში მხარეები ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე შეთანხმდნენ.

„მართალია, ცხოვრების ძველებურად გაგრძელება შეუძლებელია, როცა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებათა წინაშე აღმოჩნდები, მაგრამ რაღაც მომენტში უნდა შეძლო მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი“ - ამბობს ის.

მარტინ გრიფიტსი გაეროს პირველი უმაღლესი ოფიციალური პირია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის - ანტონიო გუტერეშის - დავალებით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა, მანამდე კი ის მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის მთავრობის წევრებს შეხვდა. გრიფიტსმა მხარეებთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა.