მაკრონმა პრეზიდენტობა შეინარჩუნა და ახლა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩევლის ხმათა 58 %-ით მემარჯვენე მოწინააღმდეგე მარინ ლე პენი დაამარცხა. მაკრონი აღიარებს, რომ ბევრმა მოქალაქემ მას მხარი მხოლოდ იმიტომ დაუჭირა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები ულტრა-მემარჯვენეებს არ ჩაეგდოთ ხელში. თუმცა მიუხედავად ამისა, მეორე ტურში ფრანგმა მემარჯვენეებმა იმაზე მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე - ოდესმე. ახლა მთელი ყურადღება ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისკენაა მიმართული. რადიკალი ოპონენტები ამომრჩეველს ახლა სწორედ ივნისისთვის მობილიზებისკენ მოუწოდებენ, რათა პრეზიდენტის გუნდმა საპარლამენტო უმრავლესობის შეგროვება ვერ შეძლოს.

თუკი მაკრონი და მისი გუნდი 12-19 ივნისს საპარალამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ, პრო-ევროპული ძალის ცენტრისტი პრეზიდენტისთვის თავისი დღის წესრიგის გატანა თითქმის შეუძლებელი გახდება. ერთ-ერთი არაპოპულარული გეგმა, რომლის დამტკიცებასაც პრეზიდენტი გეგმავს, საპენსიო ასაკის გაზდრაა.

"კენჭისყრა არ არის დამთავრებული, საკანონმდებლო არჩევნები მესამე რაუნდი იქნება", - თქვა კორდან ბარდელამ, ლე პენის მოკავშირემ. "ნუ ჩაუგდებთ ხელში სრულ ძალაუფლებას ემანუელ მაკრონს".

Your browser doesn’t support HTML5

საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება

ულტრა-მემარცხენეების ლიდერი ჟან-ლუკ მელენცონი კი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა უმრავლესობით მესამე ადგილი მოიპოვა და მოქალაქეებს მოუწოდებდა მეორე ტურში ლე-პენისთვის მხარი არ დაეჭირათ, ახლა მოქალაქეებს ეუბნება, რომ მაკრონის დამარცხება და "სხვა გზის" არჩევა კვლავ შესაზლებელია.

ტრადიციულად, საპარლამენტო არჩევნებში საფრანგეთში მოქმედი პრეზიდენტის პარტია უმრავლესობის მოპოვებას ახერხებს. თუმცა, თუ ამ შემთხვევაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდება, მაკრონს სხვა არჩევანი აღარ ექნება და პრემიერ-მინისტრის სხვა პარტიიდან დასახელება მოუწევს, "კოჰაბიტაციის" პირობებში კი მისი საპრეზიდენტო ძალაუფლება მნიშვნელოვნად იქნება შეზღუდული. ის დარჩება ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად და შეასრულებს საგარეო პოლიტიკურ ფუნქციებსა და მოვალეობებს, თუმცა ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკას და სხვა საკითხებს მთავრობა გადაწყვეტს.

"სიმართლე ისაა, რომ საფრანგეთის არჩევნების საკითხი უფრო ფართოა, ვიდრე 24 აპრილს მაკრონის გამარჯვება", - ამბობს "Rabobank FX"-სტრატეგისტი ჯეინ ფოლი.

არჩევნების საბოლოო შედეგების თანახმად, კვირას მაკრონს მხარი არჩევნებზე მისულთა ორ მესამედზე ნაკლებმა, 58.54 %-მა დაუჭირა. მართალია მისი უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ ასევე ნათელი იყო ისიც, რომ ულტრა მემარჯვენეებმა არჩევნებში აქამდე საუკეთესო შედეგი სწორედ 24 აპრილს აჩვენეს. მაკრონი და მისი გუნდის წევრები პირობას დებენ, რომ "ამომრჩეველს მეტად მოუსმენენ", მოსახლეობას მართვის განსხვავებულ სტილს შესთავაზებენ და იმედოვნებენ, რომ ეს მათ ივნისში გამარჯვებას მოუტანს.

საფრანგეთში უმუშევრობის მაჩვენებლი მაკრონის პირველი ვადით პრეზიდენტობის პერიოდში 13-წლიან მინიმუმ ნიშნულამდე დაეცა. საფრანგეთი მსოფლიოს მეშვიდე უდიდესი ეკონომიკაა. თუმცა მაკრონის მმარტველობის ზოგჯერ ხისტი წესი და ბიზნესის მხარდამჭერი რეფორმები, მათ შორის დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების გამარტივების შესახებ, მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევდა. განსაკუთრებით კი, მემარცხენე ამომრჩეველთა შორის. მაკრონი აღიარებს, რომ ზოგმა მას მხარი იმიტომ კი არ დაუჭირა, რომ მისი პოლიტიკა მოსწონდა, არამედ იმიტომ, რომ მის ულტრა-მემარჯვენე მეტოქეს არ გაემარჯვა.

"ბევრმა ამ ქვყეანაში მე ხმა მომცა იმის გამო კი არა, რომ ჩემს იდეებს უჭერს მხარს, არამედ იმის გამო, რომ ულტრა მემარჯვენეებს არ გაემარჯვათ. მე მათ მადლობა მინდა გადავუხადო. ვიცი, რომ მომავალი წლების განმავლობაში მათთან ვალში ვალში ვარ", - თქვა მაკრონმა მხარდამჭერთა წინაშე არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ წარდგომისას. "ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ კეთილმოსურნეობა და პატივისცემა, რადგან ჩვენი ქვეყანა დაფარულია ბევრი ეჭვითა და დაპირისპირებით", - დასძინა მან.

მაკრონმა 2017 წლის არჩევნებშიც მარინ ლე პენი დაამარცხა, თუმცა მაშინ ამომრჩეველთა 66%-ის მხარდაჭერა მიიღო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც პრეზიდენტისთვის არც პირველი ვადის დროს იყო უცხო, შეიძლება გახშირდეს კიდეც. მოქალაქეთა ნაწილი, რომელმაც მას მეორე შანსი მისცა, დაპირებების შესრულებას მოითხოვს.