ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, თუ რა მოხდება ავღანეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანას შეერთებული შტატების ძალები დატოვებენ - ამბობს ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
მან განცხადება კვირას, ტელეკომპანია "ფოქსთან" ინტერვიუში გააკეთა. "მე ვერანაირ გარანტიებს ვერ მოგცემთ იმაზე, თუ რა მოხდება ქვეყნის შიგნით. ეს არავის შეუძლია" - თქვა მან.
ასევე ნახეთ: დროა დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი - ჯო ბაიდენიამერიკას ავღანეთში 2 500-დან 3 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების შესაბამისად, მათ ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დატოვონ. ამით დასრულდება ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი, თითქმის 20-წლიანი ომი.
"შეერთებულ შტატებს მათი მთავრობის დახმარების გზით, მხოლოდ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების, ავღანელი ხალხისთვის რესურსების და შესაძლებლობების მიწოდების, წვრთნის და მათი ძალების აღჭურვის საშუალება აქვს" - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა. ჯეიკ სალივანის თქმით, "ჩვენ ამას ვაკეთებდით, მაგრამ ახლა დადგა დრო, ამერიკის ჯარები შინ დაბრუნდნენ, ავღანელმა ხალხმა კი მათი ადგილი დაიკავოს და დაიცვას საკუთარი ქვეყანა".
ასევე ნახეთ: ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანა შესაძლოა მნიშვნელოვანი რისკის შემცველი იყოსბაიდენის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ძალების გამოყვანის თაობაზე, შერეული რეაქცია მოჰყვა. სენატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა თქვა, რომ ეს საბედისწერო შეცდომა და "მტრის წინაშე უკანდახევა" იქნება.
გადაწყვეტილებამ ზოგიერთი დემოკრატიც გააკვირვა, მათ შორის სენატორი რობერტ მენენდესი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ის შიშობს, რომ ამერიკამ ამ ნაბიჯით შესაძლოა დაკარგოს საკუთარი "მიზნების მიღწევის საშუალებები".