საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჩახნაშვილმა ვერდიქტი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სხდომა საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. პროცესს, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, თავად არ დასწრებია.
ასევე ნახეთ: ნიკა მელია პოლიტიკურ ავანგარდშიბრალდების მხარე, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვდა. გირაოს თანხის გადახდაზე უარი ნიკა მელიამ თავად თქვა. "არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ" განაცხადა მან. მელია ფიქრობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო პროკურატურის მოთხოვნა უკანონოა. ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულს უარყოფენ.
"მე იმედი მაქვს, რომ მართლმსაჯულება ყველა ასეთ შემთხვევაში აღსრულდება ზედმიწევნით, ვინაიდან მომავლის საქართველო არ არის ის საქართველო, სადაც შეიძლება იერიში მიიტანო პარლამენტზე, ცესკოზე, ან განაცხადო, რომ შენ ხარ კანონგარეშე, კანონზე მაღლა დგახარ და დანარჩენი მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ კანონს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს მხარი დაუჭირა, მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას, 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ.
მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.
ასევე ნახეთ: პოლიტიკური კრიზისის 5 თვე - საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა. თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის პირველ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა.
2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთა.