წუთიერი დუმილი აშშ-ში

წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი კონექტიკუტის შტატში დაღუპულ სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს
დღეს დილით, ათის ნახევარზე ამერიკელებმა წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი კონექტიკუტის შტატში დაღუპულ სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს. ერთი კვირის წინ ქალაქ ნიუთაუნის სკოლაში 26 ადამიანი დაიღუპა. გამომძიებელთა აზრით, მკვლელი 20 წლის ადამ ლანზა უნდა იყოს, რომელმაც სავარაუდოდ მასობრივი სასაკლაოს მოწყობამდე ჯერ საკუთარი დედა გამოასალმა სიცოცხლეს. დანაშაულის მოტივი ჯერ დადგენილი არ არის.

აღნიშნული ფაქტის გამო ამერიკაში იარაღის და იარაღით ჩადენილი დანაშაულის კონტროლზე დებატები განახლდა. ხუთშაბათს ამ მიზნით შეერთებული შტატების იარაღის კონტროლის ფედერალური ოპერატიული ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგა. ჯგუფი კონექტიკუტის ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტ ობამას ინიციატივით საგანგებოდ შეიქმნა. ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად შეერთებული შტატების ლიდერს სურს საზოგადოებრივი განსჯის ყურადღების ცენტრში ადამიანის ფსიქიური მდგომარეობის შესახებ განათლება და იარაღის ფლობის კანონის შესაბამისობა მოექცეს.