ფლოიდის საქმე - ნიუ-იორკი პროტესტის დროს დაკავებულებს $13 მილიონს გადაუხდის

ქალაქი ნიუ-იორკი დათანხმდა 13 მილიონი დოლარი გადაუხადოს ასობით პირს, რომელიც 2020 წელს, ჯორჯ ფლოიდის საქმესთან დაკავშირებული დემონსტრაციების დროს დააკავეს.

მოსარჩელეების ადვოკატებმა თქვეს, რომ ეს შეერთებულ შტატებში, ჯგუფურ სარჩელზე, დავის სასამართლოს გარეშე მოსაგვარებელად განსაზრვრული ყველაზე დიდი თანხაა, რაც პროტესტის მონაწილეებისთვის ოდესმე გადაუხდიათ.

ნიუ-იორკში და მთელ ქვეყანაში, პროტესტები მოჰყვა 2020 წლის 25 მაისს, შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას, რომელიც მინეაპოლისის პოლიციელის მიერ, მის კისერზე მუხლის დაახლოებით ცხრა წუთის განმავლობაში დაჭერი შედეგად მოკვდა. ფლოიდი ამ დროს დახმარებას ითხოვდა და ამბობდა: „ვერ ვსუნთქავ“.

ასევე ნახეთ: ამერიკის ზოგიერთ ქალაქში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა

მოსარჩელეთა ადვოკატების თანახმად, ქალაქი ნიუ-იორკი დათანხმდა, პოლიციის მიერ დაკავებული 1300-ზე მეტი დემონსტრანტიდან თითოეულს, 9 950 დოლარი გადაუხადოს.

ის პირები, რომლებიც სხვა ბრალდებებით დააკავეს, როგორიცაა ცეცხლის წაკიდება ან ქონების განადგურება, ამ შეთანხმების გარეთ რჩებიან, რასაც საოლქო მოსამართლის მიერ დამტკიცება მაინც სჭირდება.

სასამართლოს დოკუმენტებში ნათქვამია, რომ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და სხვა ქიმიური გამაღიზიანებლები და ველოსიპედებიც კი, გადამეტებული ძალით გამოიყენა.

სხვა სარჩელზე მარტში მიღწეული შეთანხმებით, ნიუ-იორკი ბრონქსის რაიონში, 2020 წლის 4 ივნისის დემონსტრაციის დროს დაკავებული 300 პირისთვის, 7 მილიონ დოლარზე მეტის გადახდას დათანხმდა.