ამერიკული გამოცემები ბაიდენს ავღანეთიდან ჟურნალისტების ევაკუაციას თხოვს

მსხვილი ამერიკული გამოცემების, „ნიუ-იორკ თაიმსის“, „ვაშინგტონ პოსტის“ და „უოლ სთრით ჯორნალის” წარმომადგენლები, პრეზიდენტ ბაიდენს ავღანელი ჟურნალისტების უსაფრთხო ევაკუაციაში დახმარებას თხოვენ.

გამომცემლებმა თეთრ სახლს დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართეს, რაც ქაბულის აეროპორტში გაზეთებთან დაკავშირებული ჟურნალისტების და სხვა პირების, 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

„ვაშინგტონ პოსტი” თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს გაგზავნილ წერილში თხოვს, ჟურნალისტები ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტის სამოქალაქო მხრიდან, „სამხედრო მხარეს გადაიყვანონ, სადაც ევაკუაციის მოლოდინში უსაფრთხოდ იქნებიან.“

ასევე ნახეთ: ვინ არიან თალიბები?

„ისინი ახლა საფრთხეში არიან და აშშ-ის მთავრობის დახმარება სჭირდებათ“ - ნათქვამია წერილში.

წერილში 240 ადამიანზეა საუბარი, მათ შორის არიან ჟურნალისტები, დამხმარე ჯგუფის წევრები და მათი ნათესავები.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში, მამაცი ავღანელი კოლეგები დაუღალავად მუშაობდნენ და ეხმარებოდნენ „ნიუ-იორკ თაიმსს“, „ვაშინგტონ პოსტს“ და „უოლ სთრით ჟორნალს“ გლობალური საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ, რეგიონის შესახებ ახალი ამბები და ინფორმაცია. ახლა ეს კოლეგები და მათი ოჯახის წევრები, ქაბულში ხაფანგში არიან მომწყვდეულნი“ - ნათქვამია გამომცემლების ერთობლივ წერილში.

ავღანელი ჟურნალისტების შესახებ განცხადებას ავრცელებს „პრესის თავისუფლების დაცვის ფონდის“ ხელმძღვანელი. ჯეიმს რაისენი ფედერალურ მთავრობას მიმართავს და სთხოვე უზრუნველყოს იმ ავღანელი ჟურნალისტების უსაფრთხოება, ვინც ამერიკული გამოცემებისთვის მუშაობდნენ. რაისენი ამბობს, რომ ეს აშშ-ის მორალური ვალდებულებაა.

ასევე ნახეთ: ამერიკელი სენატორები ავღანელი ქალებისთვის სპეციალური ვიზის შექმნას ითხოვენ 

მიმდინარე თვის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გააფართოვებს იმ რისკის-ქვეშ მყოფი ავღანელების შესაძლებლობებს, ვინც აშშ-ში დევნილებად ჩამოსვლას ცდილობს. მათ შორის, საუბარია ამერიკული მედია ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების შესახებ.