ქალაქ ნიუ-იორკის სასკოლო სისტემა შემოდგომიდან მოსწავლეებს დისტანციურ სწავლებას აღარ შესთავაზებს და მილიონ ასი ათასზე მეტ მოსწავლეს კლასებში პირადად გამოცხადებას მოსთხოვს. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ბილ დე ბლასიომ ორშაბათს განაცხადა.
ქალაქ ნიუ-იორკის სასკოლო სისტემა ქვეყანაში უდიდესია. პანდემიის გამო მოსწავლეები უკვე წელიწადზე მეტია დისტანციური თუ ჰიბრიდული მეთოდებით ესწრებოდნენ გაკვეთილებს.
ამ სასკოლო წელს ბავშვებს შერეული, ჰიბრიდული მეთოდით ასწავლიდნენ - კვირის რამდენიმე დღე ისინი სკოლაში დადიოდნენ, რამდენიმე დღეს კი სახლში ატარებდნენ და დისტანციურად სწავლობდნენ. მშობლებს ჰქონდათ არჩევანი მათთვის მოსახერხებელი ან უსაფრთხო გზა აერჩიათ. ზოგი ბავშვი 5-ივე სასწავლო დღეს სახლში ატარებდა. თუმცა ახალი გადაწყვეტილების თანახმად, სექტემბრიდან ეს არჩევანი მათ აღარ ექნებათ და სასკოლო წელი ჩვეულებრივ, ტრადიციულ რეჟიმში დაიწყება - ყველა მოსწავლე საკლასო ოთახში დაესწრება გაკვეთილებს და ჩაერთვება ყველა აქტივობაში.
ასევე ნახეთ: როგორ ბრუნდებიან, ამერიკაში, ბავშვები სკოლაში"სრული აღდგენა შეუძლებელია სრულფასოვანი სკოლების გარეშე, ყველა დაბრუნდება საკლასო ოთახებში. ეს სექტემბრიდან მოხდება", - ამბობს ბილ დე ბლასიო.
სკოლების სრულად გახსნის გადაწყვეტილებას წინ კოვიდ-19-ის შემთხვევათა მკვეთრი და თანმიმდევრული კლება უძღოდა, როგორც ნიუ-იორკში, ისე - მთელ ქვეყანაში. ქალაქ ნიუ-იორკში 7 დღის განმავლობაში ვირუსზე დაფიქსირებული დადებითი მაჩვენებლების წილი 0.71 %-ია, მაშინ, როდესაც მარტში ის თითქმის 2.5 % იყო.
შტატ ნიუ-იორკში მოსახლეობის 52 %-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს.