ნიუ-იორკის და ლოს-ანჯელესის მერები არჩეულ პრეზიდენტს მიმართავენ

ამერიკის ორი უმსხვილესი ქალაქის - ნიუ-იორკის და ლოს-ანჯელესის მერები იმედს გამოთქვამენ, რომ არჩეული პრეზიდენტი არ შეასრულებს საარჩევნო დაპირებას და უსაბუთო იმიგრანტებისთვის გამოყოფილ ფედერალურ ბიუჯეტს არ გააუქმებს. ამ ქალაქების მთავრობა მინიმალურად თანამშრომლობს ამერიკის იმიგრაციის სამსახურთან, რომელიც უსაბუთო იმიგრანტების დეპორტაციაზე მუშაობს.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით დანაშაულის ჩამდენ უსაბუთო იმიგრანტებზე ეგრეთწოდებული დაკავების წესი ვრცელდება, თუმცა ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი უსაბუთო იმიგრანტებს პატიმრობაში მოსამართლის ორდერის გარეშე არ ტოვებენ.

საარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპმა 11 მილიონამდე უსაბუთო იმიგრანტის დეპორტაციის პირობა დადო. გუშინ გამართულ კონფერენციაზე ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ის უსაბუთო იმიგრანტების დაცვას გააგრძელებს. “ჩვენ არ გავწირავთ ნახევარ მილიონამდე ადამიანს, ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან,” თქვა მერმა.