„შეერთებულ შტატებში ყველა რასისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა რაოდენობა იზრდება. ყველაზე სწრაფად მზარდი ესპანურენოვანი და აზიური წარმოშობის მოსახლეობაა, ყველაზე ნელა კი არა-ესპანურენოვანი თეთრკანიანი მოსახლეობის რიცხვი იზრდება,“ - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სტატისტიკური აღწერის ბიურო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, არა-ლათინოამერიკული წარმოშობის, თეთრკანიანი მოსახლეობა ის ეთნიკური ჯგუფია, რომელიც მხოლოდ 5 000 ადამიანით - 0.01-ზე ნაკლები პროცენტით გაიზარდა.
ამერიკის სტატისტიკური აღწერის ბიუროს მიერ მომზადებული ანგარიშის - „აღწერის ეროვნული, შტატებისა და ოლქების მოსახლეობის ასაკის, სქესის, რასისა და წარმოშობის შეფასება“ - მიხედვით, 2016 წლის 1 ივლისს ამერიკის ესპანურენოვანი მოსახლეობა 57.5 მილიონს შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2 %-იანი ზრდაა. აზიური წარმოშობის მოსახლეობა კი გაიზარდა 21.4 მილიონით და ესაა ყველაზე სწრაფი ზრდის მაჩვენებელი ყველა ეთნიკურ ჯგუფს შორის - 3 %.
ამერიკის სტატისტიკური აღწერის ბიურო ამ შეფასებებს სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების საფუძველზე აკეთებს. 50 შტატი, კოლუმბიის ოლქი, პუერტო რიკო, კუნძულები - სახელმწიფო სააგენტოების ქსელი, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობები ბიუროს მოსახლეობის შესახებ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას აწვდიან.
შობადობის მაჩვენებლები
ანგარიში აჩვენებს, რომ გასულ წელს ყველა ეთნიკურ ჯგუფში შობადობის მაჩვენებელი სიკვდილიანობაზე მაღალი იყო. გარდა არა-ესპანურენოვანი მოახლეობისგან, რომლის ეთნიკურ ჯგუფშიც ქვეყნის მასშტაბით 163 000-ით კლება დაფიქსირდა.
მონიკა გომეს ისააკი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის იმიგრაციის კვლევის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ლათინოამერიკული და აზიური მოსახლეობის ზრდა, შესაძლოა, სწორედ შობადობის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდებოდეს, რაც სამომავლო ზრდაზეც მიგვანიშნებს.
მკვლევარი ამბობს, რომ ამერიკის მოსახლეობა ამის შედეგად ეთნიკურად უფრო და უფრო მრავალფეროვანი გახდება. მისი თქმით, წარსულში იმიგრანტთა რიცხვის ზრდას სხვა მიზეზები განაპირობებდა.
„1965 წელს „იმიგრაციისა და ეროვნების შესახებ აქტით“ იმ წესის გაუქმებამ, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში შემოსვლა წარმომავლობის მიხედვით არსებული კვოტებით შეიძლებოდა, შესაძლებელი გახადა იმიგრანტების უფრო დიდი მრავალფეროვნების მიღწევა“, - ამბობს გომეს ისააკი.
ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ გეოგრაფიულად, აზიურ და ესპანურენოვან მცხოვრებთა უმრავლესობა ამერიკის დასავლეთ შტატებშია კონცენტრირებული. ყველაზე ბევრი - 15.3 მილიონი ესპანურენოვანი და 6.6 მილიონი აზიური წარმოშობის მცხოვრები კალიფორნიაშია თავმოყრილი.
ლათინოამერიკული მოსახლეობის რაოდენობრივად ყველაზე დიდი ზრდა კი ტეხასში ფიქსირდება - 233 1000 ადამიანით. მაშინ, როცა ჰავაის მოსახლეობის 57% აზიური წარმოშობისაა.
2020-მდე
ამერიკის სტატისტიკის ეროვნული ბიურო მოსახლეობის საყოველთაო აღწერას 10 წელიწადში ერთხელ ატარებს. შემდეგი აღწერა 2020 წელს უნდა ჩატარდეს.
სტატისტიკის ბიურო ყველა ოჯახს ამერიკაში კითხვარს უგზავნის. კითხვები შეეხება ოჯახის წევრთა რაოდენობს, მათ ასაკსა და ეთნიკურ წარმომავლობას. ამავე დროს მათ შეუძლიათ, ერთზე მეტი რასის მითითება, ამიტომ სხვადასხვა რასის წარმომადგენლეთა მონაცემებში შესაძლოა გარკვეული მცირე ცდომილებაც იყოს. ასევე, უნდა ითქვას , რომ ესპანურენოვანი ჯგუფი აერთიანებს - ესპანური და ლათინო-ამეირკული წარმოშობის, ესპანურენოვან მოსახლეობას.
2020 წლის საყოველთაო აღწერა უკვე გახდა დისკუსიების საგანი, რადგან 2018 წლის ფისკალური წლისთვის თეთრმა სახლმა მისთვის ისტორიულად ყველაზე ნაკლები დაფინანსება მოითხოვა. აღწერის პროექტზე დამკვირვებლები კი ამბობენ, რომ იმ პერიოდში, როდესაც აღწერა უშუალო ფაზაში შედის, ბიუჯეტის შემცირება, შეიძლება კატასტროფილი აღმოჩნდეს, რადგან ბიუროს საველე სამუშაოების და კვლევების შეკვეცა მოუწევს.
მათი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის აღწერისას 2020 წელს ჩვენ, შესაძლოა, დრამატულად მცდარი მონაცემები მივიღოთ. და ეს ცდომილებები შეიძლება განსაკუთრებით გაიზარდოს ფერადკანიანი მცხოვრებლებით დასახლებულ და სასოფლო ტიპის ტერიტორიებზე.