ვერა გოგოხია სამოქალაქო აქტივისტია საქართველოდან. წლების წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „შენ და დემოკრატია“ დააფუძნა, ბოლო ერთი წელი კი ვაშინგტონში, „დემოკრატიის განვითარების ფონდში“ ახალგაზრდა აქტივისტების პოლიტიკაში ჩართულობის შესაძლებლობებსა და იმ ბარიერებს იკვლევდა, რომელიც პოლიტიკისგან მათ გაუცხოებას იწვევს. რატომ არ სურთ ახალგაზრდებს საქართველოში პარტიულ პოლიტიკაში ჩართვა და რა შეიძლება შეიცვალოს ამ მხრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში? პროგრამის დასრულების შემდეგ, ვერა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს, ეკა მაღალდაძეს ესაუბრა:
ვერა, რა იყო იმ პროგრამის მიზანი, რომლის ფარგლებშიც ბოლო ერთი წელი ვაშინგტონში გაატარეთ და რა იყო კვლევის ძირითადი საგანი?
„დემოკრატიის განვითარების ფონდის“ არსებობა კონგრესის ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე ხდება და ის მთელ მსოფლიოში საქმიანობს. ამ კონკრეტულ პროგრამაში მონაწილეობა კი, რომელიც - რესპუბლიკელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანისა და დემოკრატი კონგრესმენის ფასელის სახელს ატარებს, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოში, რომელსაც ადარდებს დემოკრატია თავის ქვეყანაში, ფიქრობს, აკეთებს რაღაცას მისთვის.
საქართველოში პოლიტიკური პარტიები იქმნება ერთი ან ორი ადამიანის ირგვლივ და ეს ატარებს ამ ორი ადამიანის ინტერესებს. პოლიტიკურ პარტიას არ აქვს შეხება საზოგადოებასთან, სწორედ იმიტომ, რომ ესაა შეკრული და დახურული სივრცე, კონცენტრირებული ერთი ადამიანის ირგვლივ. ასეთია მთავარი პარტიები, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ორ პარტიას სრულ დომინირებას უწევს ორი ადამიანი დაისინი არ აძლევენ მათ განვითარების საშუალებას.
ჩემი ამოცანა იყო გამერკვია, რა არის ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რის გამოც პოლიტიკით დაინტერესებული ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც შესანიშნავი იდეები აქვთ და პოლიტიკაში მონაწილეობაც სურთ, არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან საერთო ენას ვერ ნახულობენ. რა უშლით ხელს ახალგაზრდებს, რომ შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს. მეორე მხრივ კი, რა არის ის, რაც ხელს უშლის პოლიტიკურ პარტიებს რომ დაუახლოვდნენ ახალგაზრდებს.
სანამ მიზეზებზე ვისაუბრებთ, როგორი იყო არსებული სიტუაცია და მოცემულობა?
მოცემულობა იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ საქართველოს ჰყავს უამრავი ძალიან საინტერესო ახალგაზრდა, შესანიშნავი იდეებით, ახალგაზრდები, რომლებსაც ადარდებთ ხალხის ცხოვრება, მათი სამუშაო გარემო, მათი ჯანმრთელობა, გარემო და ადამიანის უფლებები. ამ ხალხს აქვს უამრავი ენერგია, რომელიც იხარჯება მხოლოდ პროტესტში და იდეები, რომელიც არ გადადის ნამდვილ პოლიტიკაში, რასაც შეუძლია ამ ადამიანებისთვის ცხოვრება შეცვალოს.
მეორე მხარეს გვაქვს პოლიტიკური პარტიები. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჩამოყალიბდა უამრავი პოლიტიკური პარტია. ზოგიერთს მოუხდა, რომ ყოფილიყო მმართველი პარტია, მაგრამ დავინახეთ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს მთავრობის გარეთ არსებობა ძალიან უჭირთ. ანუ გვაქვს ციკლი, ერთპარტიული მმართველობისა, პარტიები, რომლებიც იქმნება მთავრობის ბაზაზე და შემდეგ თუკი ისინი აღარ არიან მთავრობაში, უჭირთ არსებობა. ჩვენ არ გვაქვს ნამდვილი პოლიტიკური პარტიები.
და მესამე, არის საზოგადოება, რომელსაც მობეზრდა პოლიტიკური პარტიები, არ მოსწონს თითქმის არცერთი მათგანი, ხმას აძლევს იძულების წესით და ელოდება ახალ ძალას, ახალ სახეებს - მესამე ძალას.
რატომ ამბობთ, რომ ამ ახალგაზრდების პროტესტი „დახარჯული ენერგიაა? მათი აქტივიზმიც ხომ არის პოლიტიკური ცვლილებების მომტანი?
ხშირად, ახალგაზრდების პოლიტიკურ პროტესტს შეუძლია შედეგის მოტანა. მაგალითად, 20 ივნისის პროტესტი, მას მოჰყვა დიდი რამ: პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, ერთი პარლამენტარის მიერ მანდატის დატოვება და პირობა, რომ მმართველი პარტია შეძლებს მომავალი არჩევნები 2020 წელს ჩაატაროს პროპორციული წესით, რაც დიდი მიღწევაა. თუმცა გვაქვს მთელი რიგი მაგალითებისა, როდესაც იყო დიდი პროტესტი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. იყო წამოყენებული პრობლემები, მათი გადაწყვეტის გზები, მაგრამ ვერაფერი ვერ მივიღეთ.
პარტიების არამდგრადობა და მათთან დაკავშირებული პრობლემები ახსენეთ. რა არის სხვა მიზეზები, რაც ხელს უშლის მათ პარტიულ პოლიტიკაში ჩართულობას?
პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პრობლემები და ისინი არ მოსწონთ მთელ მსოფლიოში, საქართველო ამ მხრივ არაა გამონაკლისი. თუმცა, მსოფლიოს დემოკრატიულ ნაწილში იაზრებენ, რომ პოლიტიკური პარტიების გარეშე ლიბერალური დემოკრატია არ გამოდის. ამიტომ, უნდა ვეცადოთ ამ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა, მათი გაუმჯობესება და მათთან ჩვენი ხმისა და პრობლემების მიტანა.
თუმცა, საქართველოში პოლიტიკური პარტიები იქმნება ადამიანების ირგვლივ. ერთი ან ორი ადამიანის ირგვლივ და ეს პოლიტიკური პარტია პრინციპში ატარებს ამ ორი ადამიანის ინტერესებს. პოლიტიკურ პარტიას არ აქვს შეხება საზოგადოებასთან, სწორედ იმიტომ, რომ ესაა შეკრული და დახურული სივრცე, კონცენტრირებული ერთი ადამიანის ირგვლივ. ასეთია მთავარი პარტიები, როგორიცაა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ორ პარტიას სრულ დომინირებას უწევს ორი ადამიანი და ეს ორი ადამიანი არ აძლევს მათ განვითარების საშუალებას.
„ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება რომ ხალხთან იყოს კავშირში, არ სჭირდება რომ ხალხის ინტერესები წამოაყენოს წინა პლანზე. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება გააკეთოს ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა. და რაც მას უნდა, ეს იცვლება დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, განწყობების მიხედვით. იგივეა „ნაციონალური მოძრაობაც“. მას არ შეუძლია რაიმე გააკეთოს, გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის გარეშე.
თუმცა პიროვნებებზე ორიენტირებული პარტიული პოლიტიკა შესაძლოა ზოგადად უშლიდეს მათ ხელს. უშუალოდ ახალგაზრდებს რა დამატებითი ბარიერი ექმნებათ ამის გამო?
პირველ რიგში, ეს არის ახალგაზრდების ბუნება, რომ მათ უყვართ თავისუფლება, მათ არ უყვართ იერარქიული საზოგადოება და ორგანიზაციული საქმიანობა. თუკი ისნი ხედავენ, როგორ იმართება პარტია, რომ პარტიას არ აქვს შიდა დემოკრატია, პარტიას თვითონ არ სჯერა თანასწორობის, ადამიანის უფლებების, არ სჯერა სიტყვის თავისუფლების, ახალგაზრდები იქ არავითარ შემთხვევაში არ მივლენ.
პარტიის მხრიდან კი ეს არის ჩაკეტილობა, სხვა ძალების მიუღებლობა. საქართველოს ისტორიაში თითქმის ყველა მმართველ პარტიას ძალიან უჭირდა ოპოზიციური პარტიის მიიღება. რაც თავისთავად გამორიცხავს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პარტიის სისტემას. პარტია ნიშნავს, რომ არსებობს ერთი მხარე და მინიმუმ მეორე მხარე ან სხვა ბევრი მხარე. ყველა მმართველმა პარტიამ საქართველოში აჩვენა, რომ აქვს სრული მიუღებლობა ნამდვილი კრიტიკოსი ოპოზიციისა და ეს რადგან ცუდად ჩანდა, სადღაც გამოჩნდნენ ვითომ ოპოზიციური პარტიები, რაც არაფერს არ აკეთებს დემოკრატიისთვის.
ეს მიუღებლობა სხვა პარტიების მიმართ, ოპოზიციის არასერიოზულად აღქმა, ოპოზიციის მტრად გამოცხადება, არის დამატებითი ბარიერი, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანისთვის არის ხელშემშლელი.
ანუ ეს მიუღებლობა სხვა პარტიების მიმართ, ოპოზიციის არასერიოზულად აღქმა, ოპოზიციის მტრად გამოცხადება, არის დამატებითი ბარიერი, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანისთვის არის ხელშემშლელი.
ანუ მათ არ უნდათ ამ პარტიების იმიჯის ქვეშ მოქცევა?
მათ არ უნდათ ამ ჩაკეტილი არადემოკრატიული საზოგადოების ნაწილი გახდნენ. ჩვენ პარტიაში არ გვესმის პარტიების წევრების ხმები, ჩვენ ორივე პარტიაში მხოლოდ ერთი ხმა გვესმის. ამ დროს კი პარტიის სიკეთე ის უნდა იყოს, რომ იქ არსებული ადამიანების ხმები უნდა გვესმოდეს. ჩვენ ორ ხმაზე მეტი არაფერი გვესმის.
დროის დინამიკაში რომ შევხედოთ, ეს გაუცხოება ახალგაზრდებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ძლიერდება, ან იცვლება?
ვფიქრობ, დაახლოებით ერთნაირად არის, ერთნაირად არ მოსწონთ ახალგაზრდებს პოლიტიკური პარტიები, ერთნაირად აკრიტიკებენ და ერთნაირად არ აქვთ რწმენა მათ მიმართ, თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა არის კარგი შესაძლებლობა, რომელიც 20 ივნისის პროტესტმა მოიტანა და რომელიც გვაძლევს იმედს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით.
ბევრმა დაინახა ამ შემოთავაზებაშიც პრობლემები, რომ ეს შეიძლება არ იყოს ისეთი კარგი, როგორც ჩანს; ეს შეიძლება იყოს უარყოფითი და არასერიოზული ძალების შესაძლებლობა, აღმოჩნდნენ პარლამენტში, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ამ ახალგაზრდებზე, ხალხზე და ამომრჩევლებზე, თუკი ეს შესაძლებლობა სწორად იქნება გამოყენებული; აღმოჩნდება თუ არა პარლამენტში „სწორი ხალხი“, ეს ახალგაზრდები.
ხალხი ამბობს, რომ მას მოსწონს ეს ახალგაზრდები, ამომრჩევლებს მოსწონთ სუფთა ადამიანები, პოლიტიკით გაუფუჭებელი ადამიანები, თუმცა მათ ხმას რატომღაც აქამდე ვერ აძლევდნენ.
პროპორციული არჩევნების ეს დაპირება კი ახლა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეს ახალგაზრდები ერთმანეთს დაუახლოვდნენ; ეს მრავალი ჯგუფი, რომელიც საქართველოში არსებობს და თითქმის ასე თუ ისე ერთნაირი შეხედულებები აქვს, მცირე განსხვავებების გარდა, გაერთიანდნენ; ეს განსხვავებები გვერდზე გადადონ, და შექმნან პარტია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის არჩევნებში. ოღონდ, წინ ძალიან დიდი გზა არის გასავლელი, რომ ამ პარტიამ გამონახოს საერთო ენა და დაუკავშირდეს ამომრჩეველს. ამომრჩეველმა კი თავის მხრივ უნდა მისცეს ხმა ამ ახალ ხალხს.
რატომ უნდა იყოს მათი ასეთი მონაწილეობა პარტიულ პოლიტიკაში წახალისებული და ხელშეწყობილი, რატომ არის კარგი მათი პარტიულ პოლიტიკაში მონაწილეობა და ვისთვის არის ეს მომგებიანი და საჭირო?
პირველ ყოვლისა, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან ამ ახალგაზრდებს აქვთ უფრო მეტი შეხება საზოგადოებასთან, ჩვეულებრივ ხალხთან და არა პოლიტიკოსებთან, ან პარტიების მმართველებთან. ახალგაზრდებს შეუძლიათ რომ ეს ხმა, ეს პრობლემები მიიტანონ პარლამენტში და პოლიტიკური დღის წესრიგის საგანი გახადონ. მათ აქვთ შესაძლებლობა, ყველანაირი ცოდნა და უნარი იმისთვის, რომ ეს თემები აქციონ მნიშვნელოვან საკითხებად.
უშუალოდ პარტიისთვის რატომ იქნება სასარგებლო ახალგაზრდებზე კონცენტრირება?
ახალგაზრდების პარტიებში მოწვევა, მათთვის შესაძლებლობების მიცემა, იქნება მათი გადარჩენის ერთადერთი გზა. გამოკითხვებით, ორივე დიდ პარტიას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, რატომ? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ გზა ხალხისკენ და ხალხს არ აქვს გზა მათკენ. ეს გზა კი იქნება ახალგაზრდები, ეს იქნება ის ხიდი, რომელიც შეაერთებს პარტიას და საზოგადოებას, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად გახლეჩილია.
პარტიებისთვის ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა დღეს. გზა - პოლიტიკური პარტიების გაჯანსაღებისთვის, გადემოკრატიულებისთვის; ერთადერთი გზაა გაუღონ კარი ახალგაზრდებს. ისინი ამ პარტიებში შეიტანენ თანასწორობას, სიტყვის თავისუფლებას, რეალურ პრობლემებს, რომლებიც არის საზოგადოებაში და დაეხმარებიან პარტიებს, რომ თავიანთი დღის წესრიგი გააუმჯობესონ, გახადონ რეალისტური და მოქალაქეებზე ორიენტირებული.
სჭირდებათ ან სურთ კი ეს ახლა პარტიებს?
ეს ძალიან დიდი შეკითხვაა, რამდენად აწყობთ ეს პარტიებს. მაგრამ თუკი 2020 წლის არჩევნებისთვის ახალი რეალობა დადგება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიებისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღონ, ვეღარ ექნებათ იმედი იმისა, რომ თავიანთ ადგილებს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატებით შეავსებენ. არჩევნებზე მისული ყველა ამომრჩევლის ხმა აისახება შედეგზე. ამიტომ, საჭირო იქნება, რომ პარტიები ხალხს მის ენაზე და იმ თემებზე ესაუბრონ, რომელიც მას აინტერესებს.
მიუხედავად ამისა, რამდენად მოსალოდნელია ის, რომ პარტიები ჩართავენ ახალგაზრდებს გამსვლელ პოზიციებზე, თუ პირიქით, დაინახავენ იმის რისკებს, რომ ამომრჩეველი მათ გამოუცდელობის გამო არ მისცემს ხმას?
ვფიქრობ, რომ უნდა გარისკონ, რადგან ეს არის საშუალება, რომ ეს პარტიები გახდნენ ხალხის მიერ მხარდაჭერილი პარტიები. შეიძლება ეს არ გააკეთონ, და ალბათ ვერ გააკეთებენ ამას, თუკი 2020 წლამდე ვერ მოახერხებენ, რომ პარტია გახდეს დემოკრატიული ორგანიზაცია. მაგრამ თუკი ის გახდება ასეთი, თუკი ის წამოვა ხალხისგან, რომელიც მთელ საქართველოშია განფენილი და არა მხოლოდ თბილისში, ვაკეში, ვერაში და მთაწმინდაზე, მაშინ ისინი დაინახავენ, რომ ყველაზე ჯანსაღი, მონდომებული და იდეების მქონე ხალხი, ეს ახალგაზრდებია. უნდა მოიწვიონ ისინი პარტიებში, მისცენ თავისუფლება და მისცენ თავიანთი იდეების წამოყენების საშუალება. ეს იქნება მათი გადარჩენის გზა. როგორც ვხედავთ, ბოლო გამოკითხვებით, ორივე დიდ პარტიას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, რატომ? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ გზა ხალხისკენ და ხალხს არ აქვს გზა მათკენ. ეს გზა კი იქნება ახალგაზრდები, ეს იქნება ის ხიდი, რომელიც შეაერთებს პარტიას და საზოგადოებას, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად გახლეჩილია.
რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების პოლიტიკური პროტესტი? არის ის ცვლილებების მომტანი იმდენად, რამდენადაც ცვლილებების მომთხოვნი?
პირველ ყოვლისა, პროტესტი ეს უკვე არის პოლიტიკაში მონაწილეობა. პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საბედნიეროდ, საქართველოში პროტესტი ყოველთვის იყო ის, რაც ყველას იზიდავს. ეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტია. ამ ახალგაზრდების ხმა და პროტესტი ბევრად უფრო ეფექტური იქნება, თუ გაისმება პოლიტიკაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ უნდა, რადგან პოლიტიკა დღემდე მიიჩნევა როგორც ბინძური, ცუდი, სხვისი, არა ხალხის, არამედ - სხვისი, ერთის მსახურება. და თუკი ეს ასე აღარ იქნება, მაშინ ეს ხალხი თავისთავად მივა პოლიტიკურ პარტიაში.
შესაძლებელია, რომ ამგვარმა პროტესტმა გრძელვადიან ცვლილებებს მიაღწიოს მათი პოლიტიკაში ჩართულობის გარეშეც?
რა თქმა უნდა, პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის პირველად ამოღებული ხმა და იმის ჩვენება, რომ ხალხს არ მოსწონს ის, რასაც აკეთებს მთავრობა, ან პოლიტიკური პარტიები. ხალხი ნამდვილი პოლიტიკისგან თავს გარიყულად გრძნობს და პროტესტს შეუძლია მოიტანოს შედეგები. ბოლო პროტესტმა მოიტანა შედეგი, ვარდების რევოლუციისას პროტესტმა მოიტანა შედეგი.
კონკრეტული სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფის გამოყოფას და მათზე განსაკუთრებულ აქცენტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, როგორც მაგალითად გენდერულ კვოტირებას ან მსგავს საკითხებს. რამდენად ჯანსაღი შეიძლება იყოს ამგვარი ფოკუსირება ახალგაზრდებზე ნებისმიერი მხრიდან?
ეს ლეგიტიმური შეკითხვაა. თითქოს, მხოლოდ ახალგაზრდები არიან ჯანსაღი ძალა და ისინი წარმოადგენენ საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. უბრალოდ, ახალგაზრდები არის ის ხალხი, ვისაც შეუძლია საზოგადოების საჭიროებების მიტანა სწორ ადგილას. და გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ხალხს აქვს რწმენა ახალგაზრდების. საქართველოში არის ეს ტენდენცია, რომ ყველას უნდა ახალი ადამიანი, ახალი ძალა. ყველა ელოდება მესამე ძალას. ამ მომლოდინე ხალხს კი აღარ უნდა ძველ პოლიტიკურ პარტიებში მოღვაწე ადამიანების ნახვა, რადგან ამ პარტიებმა მას ვერანაირი სიკეთე ვერ მოუტანეს. ასე აფასებს ხალხი. და ეს ახალი ყოველთვის არის ახალგაზრდა, რადგან ის არის გულწრფელობის, სისუფთავის, საქმეში ალალი გულით მთელი ენერგიის ჩამდები ადამიანის სიმბოლო.
თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში ჰყავს ახალგაზრდული ფრთა. როგორ ფიქრობთ, არის პარტიის ეს ნაწილი ტრამპლინი ამ ახალგაზრდებისთვის, თუ ეს მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზებისთვის საჭირო აქტივია?
მართალია, თითქმის ყველა პარტიას ჰყავს ახალგაზრდული ფრთა, რაც ძალიან კარგია და ნიშნავს, რომ პარტიას ფორმალურად მაინც დღის წესრიგში აქვს „ახალგაზრდა ადამიანი“. თუმცა, სამწუხაროდ, უმეტესად, ახალგაზრდულ ორგანიზაციაში არიან ადამიანები, რომლებიც ნათესაური, მეგობრული კავშირით თუ ხათრით არის იქ მისული და არა ის ხალხი, რომელსაც რაღაცის გაკეთება სურს ან შეუძლია. ან - სურს, შეუძლია და მისცემენ ამის გაკეთების საშუალებას. იქ ძალიან ენერგიული მებრძოლი ხალხია საჭირო და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საპროტესტო ტალღიდან მოდიან.
რამდენად შეიძლება შეიცვალოს პარტიული კულტურა, სიების დაკომპლექტების წესი და სხვა საკითხები პროპორციული სისტემის დანერგვის პარალელურად? რამდენად რეალურია ამ სისტემის მიერ პარტიების „გადემოკრატიულება“?
მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ახალ საარჩევნო სისტემას და ცვლილებებს. ესაა ის, რასაც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში პარტიების ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვდა. მაგრამ ეს სიკეთეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს, თუკი სწორად იქნება გამოყენებული. თუკი ყველა პოლიტიკური პარტია პარლამენტში და მის გარეთ, ამ შესაძლებლობას გაიაზრებს.
მზად არიან პარტიები ამის დასანახად და როგორია ამაში საზოგადოების როლი?
მე ვფიქრობ, უნდა დავანახოთ, ყველა საშუალებით და გზით, აუცილებლად უნდა დავანახოთ. ძალიან ძნელია, როდესაც ერთ ჯგუფში არსებულ ხალხს არ აქვს კონტაქტი გარესამყაროსთან, ხალხთან და არის სხვის შიშში, სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება კი თითქმის წარმოუდგენელია. მაგრამ ყველანაირი გზით უნდა მივაწოდოთ ეს იდეა, რომ ეს არის გზა, რომლითაც შეუძლიათ მიიღონ სასურველი შედეგი.
ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ყველაზე, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოში დემოკრატია არის მნიშვნელოვანი და მას შეუძლია ადამიანების ცხოვრება შეცვალოს. ყველა ადამიანს, არის ამომრჩეველი, ახალგაზრდა თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ყველას შეგვიძლია მივიღოთ საუკეთესო არჩევნები 2020 წელს, რომელიც საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის დასაწყისს.
ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დავაკვირდე, ვის უნდა მივცე ხმა. მივცე ხმა იმას, ვინც მგონია რომ მოიგებს? ძალიან ბევრი ამომრჩეველი ასე აკეთებს, აძლევს პარტიას ხმას არა იმიტომ რომ ის მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ჰგონია ის მოიგებს და ასე იგებენ უმეტეს შემთხვევაში მმართველი პარტიები.
ამომრჩეველმა, რომელსაც სურს ახალი ადამიანის დანახვა, ახალი პოლიტიკა, ახალი რეალობა, უნდა მისცეს ახალ ძალას ხმა. ნუ შეეშინდება, მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება ვერ გაიმარჯვოს, ის შეიძლება პარლამენტში მაინც აღმოჩნდეს და ეს იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. ახალგაზრდებმა უნდა გამონახონ საერთო ენა ერთმანეთთან და სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს დაუკავშირდეს. მიხვდნენ, რომ იდეოლოგიური სიწმინდე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქმედითი პოლიტიკა, რომელსაც შეუძლია შედეგის გამოღება. ეს შედეგი გამოვა მხოლოდ იმ გარკვეული ჯგუფების ერთად ყოფნით, რომლებსაც ერთი მაგიდის ირგვლივ დასხდომა და საუბარი შეუძლიათ. მათ ერთად ბრძოლა უნდა შეძლონ და რაც მთავარია, ხალხთან მისვლა, ლაპარაკი და იმის გაგება, რა სურს ხალხს.
პოლიტიკურმა პარტიებმა კი უნდა გამონახონ საკუთარ თავში ძალა და რესურსები, რომ შიგნითვე გახდნენ უფრო დემოკრატიულები. გაიგონ, რომ ოპოზიციური პარტიების არსებობა არის ერთადერთი გზა იმისა, რომ მათ მართონ დიდხანს, სამართლიანად და დემოკრატიულად. ასევე გაუხსნან გზა ახალ ხალხს, მოისმინონ იდეები, გზები და ნუ იქნებიან ორიენტირებული ერთ ადამიანზე და ვფიქრობ, მივიღებთ შესანიშნავ არჩევნებს, პარლამენტს და მთავრობას.