იაპონიაში, იტალიურ საკრუიზო გემზე კორონავირუსის 48 შემთხვევა გამოვლინდა

იტალიურ საკრუიზო გემზე, რომელიც იაპონიის ქალაქ ნაგასაკის პორტში იმყოფება, ეკიპაჟის 48 წევრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირების 14 შემთხვევა, გემის მზარეულებს შორის გამოვლინდა. ეკიპაჟის ერთი წევრის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„კოსტა ატლანტიკა“ ეკიპაჟის 623 წევრით, ნაგასაკის სანაპიროზე იანვრის შემდეგ იმყოფება. საკრუიზო გემს იაპონიაში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებოდა. ეკიპაჟის ტესტირება გასულ კვირას დაიწყეს, მას შემდეგ, რაც მის ერთ-ერთ წევრს ხველა და მაღალი სიცხე გამოუვლინდა.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა იაპონიას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა საკრუიზო გემზე უწევს. მანამდე, ქალაქ იოკოჰამაში, კარანტინი იყო აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავ საკრუიზო გემზე „ბრილიანტის პრინცესა“. მაშინ, ლაინერის 700-ზე მეტ მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თავად იაპონიაში, ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირების 12 ათასამდე და გარდაცვალების 300-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.