რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების განწყობების ცოდნა პოლიტიკოსებისთვის და რითია გამორჩეული ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში ჩატარებული ბოლო კვლევა? კვლევის შედეგებზე და მათ მნიშვნელობაზე ამერიკის ხმის ქართული რედაქცია ენ-დი-აი-ს ევრაზიის პროგრამის დირექტორს - ლორა ჯუიტს ესაუბრა.
ამ კრიტიკას ვხედავ როგორც პოლარიზებული პოლიტიკის ნაწილს. არიან ადამიანები, ვისაც მათთვის არახელსაყრელი შედეგების გამო კვლევა საჯაროდ გაუკრიტიკებია, შემდეგ კი პირადად კვლევაზე მეტი ინფორმაცია მოუთხოვია.ლორა ჯუიტი
ენ-დი-აის ბოლო კვლევაზე საუბრისას, რომელიც აგვისტო-სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და 4500-მდე ინტერვიუს მოიცავს, ლორა ჯუიტი ამბობს, რომ კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
მისი თქმით ეს გამოკითხვა ნათლად აჩვენებს მოსახლეობის განწყობებს და მოთხოვნებს, ჯუიტი ამ ინფორმაციას ადგილობრივი არჩეული მმართველებისთვის ოქროს საბადოს უწოდებს.
"ეს კვლევა პოლიტიკური პარტიებისთვის და ადგილობრივი მმართველებისთვის წარმატების რეცეპტია. თუ პოლიტიკოსი ხართ მოქალაქეებს უნდა ელაპარაკოთ, ელაპარაკეთ სამუშაო ადგილებზე, უთხარით როგორ გააუმჯობესებთ სამუშაო გარემოს, ელაპარაკეთ გზებზე, წყალზე, გაზის მიწოდებაზე. მნიშვნელოვანია შემდეგ მიყვნენ ამ საკითხებს, იპოვონ მათი მოგვარების გზები. თუ პარტიები კვლევას ამ მიზნისთვის გამოიყენებენ, ეს ძალიან ფასეული ინფორმაცია შეიძლება იყოს," ამბობს ჯუიტი.
ის მიიჩნევს, რომ ეს კვლევა სასარგებლო რესურსია პოლიტიკოსებისთვის, პარტიებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიისთვის "იყვნენ ფაქტებზე და არა ემოციებსა და კამათზე ორიენტირებულნი".
ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური პროცესის ნაწილია ვიღაცეებმა საჭიროდ ჩათვალონ იყვნენ კრიტიკულები, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ინფორმაცია ბევრისთვის ღირებულია.ლორა ჯუიტი
ჯუიტს იმ კრიტიკულ გამოხმაურებებზეც ვკითხეთ, რომელიც კვლევის გამოქვეყნებამ მმართველი გუნდის ზოგიერთ წევრში გამოიწვია. მსგავს გამოხმაურებებს ის ქართული პოლიტიკის პოლარიზაციასთან აკავშირებს.
"ამ კრიტიკას ვხედავ როგორც პოლარიზებული პოლიტიკის ნაწილს. არიან ადამიანები, ვისაც მათთვის არახელსაყრელი შედეგების გამო კვლევა საჯაროდ გაუკრიტიკებია, შემდეგ კი პირადად კვლევაზე მეტი ინფორმაცია მოუთხოვია. ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური პროცესის ნაწილია ვიღაცეებმა საჭიროდ ჩათვალონ იყვნენ კრიტიკულები, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ინფორმაცია ბევრისთვის ღირებულია."
კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავებისას ენ-დი-აი მთავრობის, პარლამენტის პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა "რათა გაგვეგო რა სახის ინფორმაცია იქნებოდა მათთვის ყველაზე ღირებული."
ჯუიტის თქმით უსიამოვნო ამბის გაგებას და მიღებას ადამიანებს ხშირად ინფორმაციის მომწოდებელზე თავდასხმა ურჩევნიათ. ის ამბობს, რომ ენ-დი-აის კვლევებისადმი მძაფრი გამოხმაურება გარკვეულწილად ამის მაგალითია.