ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნაზარბაევის რჩეულმა გაიმარჯვა

კვირას ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, კასიმ ჟომარტ ტოკაევმა, მმართველი პარტიის კანდიდატმა და ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის რჩეულმა, ხმათა 71 % მოიპოვა და 6 კონკურენტი დაამარცხა. მისი მთავარი მეტოქე ოპოზიციის კანდიდატი ამირჟან კოსანოვი იყო, რომელმაც ცესკოს ცნობით, ხმათა მხოლოდ 16 % მიიღო.

დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესი გააკრიტიკეს. ეუთოს მისიის წარმომადგენლებმა კენჭისყრის დღეს და წინასაარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი ცნობით, ილახებოდა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები, ხდებოდა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა დაკავება, ხმის მიცემის წესების დარღვევა კენჭისყრის დღეს და სხვა ფაქტები, რაც გამოხატავდა "დემოკრატიული სტანდარტების მცირე პატივისცემას".

პოლიციამ 500-მდე ადამიანი დააკავა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე. ოპოზიცია მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენაც მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები არ იქნებოდა თავისუფალი და მიუკერძოებელი. ოპოზიციის მტკიცებით, ეს უკანონო არჩევნებია და სინამდვილეში ძალაუფლების "ორკესტრირებული" გადაცემა მოხდა "ერთი ავტორიტარი ლიდერისგან მეორისთვის".

ნაზარბაევი ქვეყნას საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული მართავდა. ის წელს, მარტში თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა. ტოკაევი კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა და წინასაარჩევნო პერიოდში აცხადებდა, რომ ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკას გააგრძელებდა. მართალია, ქვეყანა მდიდარია ნავთობითა და გაზით, რაც შესაბამისად აისახება ეკონომიკაზე, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების კუთხით ნაზარბაევის მთავრობას გამუდმებით აკრიტიკებდნენ.