კრემლის კრიტიკოსის, ციხეში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და პირობა დადო, რომ რუსეთისთვის „ბრძოლას განაგრძობს“. იმავეს მოუწოდებს მხარდამჭერებსაც.
იულია ნავალნაიას მიმართვა, წინ უსწრებს ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრას. როგორც თავად რუსეთში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში, შეშფოთება იზრდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნავალნის გარდაცვალების გამო და ასევე იმის გამო, რომ მის დედასა და ადვოკატებს, ოპოზიციონერის ცხედრის ნახვის უფლებას არ აძლევენ.
„სამი დღის წინ, ვლადიმირ პუტინმა ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი, მოკლა“, - ამბობს, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, იულია ნავალნაია.
ნავალანაია, ორ შვილთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობს. 16 თებერვალს, როცა ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ის უკვე იმყოფებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
"მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. განაგრძეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის. გიწვევთ ჩემ გვერდით“, - განაცხადა ნავალნაიამ.
მან მოუწოდა მხარდამჭერებს, შეებრძოლონ კრემლს "უფრო მეტი სიბრაზით, ვიდრე ოდესმე" და თქვა, რომ მას სურს იცხოვროს "თავისუფალ რუსეთში".
ნავალნაია, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. მისდამი მხარდაჭერის გამოსახატად, დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიუელიუს ლანდსბერგისმა, დაგეგმილი შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, „მინიმუმ“ უნდა გაამკაცროს.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: "ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია"ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდეგ, უკვე მიღებული აქვს სანქციების თორმეტი რაუნდი. ამასთან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ორი წლისთავის მოახლოებასთან ერთად, გაერთიანება სანქციების მეცამეტე პაკეტზე მუშაობს.
გერმანიის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი გამოიძახა, რათა მომხდარი ოფიციალურად დაგმოს. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს ყველა, ვინც პოლიტიკური მიზეზითაა დაკავებული. საგარეო უწყებისგან დამოუკიდებლად, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კანცლერ ოლაფ შოლცის ადმინისტრაციამ. კანცლერი მოითხოვს, ნათელი გახდეს ნავალნის გარდაცვალების გარემოებები და ოჯახს მისი ცხედარი გადასცენ.
ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ხელისუფლებისგან ცხედრის გადაცემას მოითხოვენ. ამ ფონზე კი, სახელდახელოდ მოწყობილ მემორიალურ ადგილებზე, სადაც ნავალნის მხარდამჭერებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ, ხელისუფლებამ მათი დაკავება დაიწყო. დაკავებულია ასობით ადამიანი.
19 თებერვალს, კრემლმა განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ის რუსული კანონმდებლობის სრული დაცვით გაგრძელდება. ამასთან, კრემლი აცხადებს, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, როდის გადაეცემა ოჯახს ცხედარი.
კრემლი „სრულიად მიუღებელს“ უწოდებს დასავლელი ლიდერების განცხადებებს, რომლებმაც ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ვლადიმირ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.
Your browser doesn’t support HTML5